თბილისში ტარიფის შემცირება 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს შეეხება.
დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია თბილისი ენერჯის განმარტებით, აირის საფასურის შემცირების საშუალება მას აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარებამ მისცა. შესაბამისად, ბიზნეს სუბიექტები ერთ კუბურ მეტრ აირში 1.35 ლარის ნაცვლად, დღგ-ის ჩათვლით, 1.24 ლარს გადაიხდიან.
გაზის საფასური არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი თბილისში ისევ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე.
რაც შეეხება კომპანიებისთვის გაზის ტარიფს რეგიონებში, სოკარ ჯორჯია გაზის ინფორმაციით, 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა, იქნება 1,25 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.
ამ შემთხვევაშიც, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი რეგიონის მცხოვრებლებისთვის, რომელიც სემეკის მიერ არის დადგენილი.