კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ 5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები დასრულდა. გამარჯვებულად სელფი მობაილი გამოცხადდა, რომელიც ახალ ტექნოლოგიას დანერგავს.
სელფი მობაილი N18, N19 და N24 ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოაცხადა, რის შემდეგაც, კომპანიას 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება. აღნიშნული ლოტების საფასურმა 226 800, 226 800 და 1 386 000 ლარი შეადგინა.
ლიცენზიის მოსაპოვებლად სელფი მობაილს 1 თვის ვადა აქვს, რომლის განმავლობაშიც მან დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს.
სელფი ვალდებულია, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც მან 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა.
სელფი მობაილს ასევე მიღებული აქვს 700 მჰც და 3400-3600 მჰც სიხშირული დიაპაზონებით სარგებლობის უფლება.
კომბინირებული ლოტის საფასურმა სულ 2 657 445 ლარი შეადგინა და, ცალკემდგომი ლოტების მსგავსად, კომპანიამ ერთი თვის ვადაში, თანხის 30% უნდა დაფაროს.
კომუნიკაციების კომისიას 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონი სულ 4 კომბინირებულ და 20 ცალკემდგომ ლოტზე ჰქონდა გამოცხადებული.
აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ სელფი მობაილმა მიიღო. სხვა ოპერატორებმა აუქციონში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
(რ)