Reuters წერს, რომ რუსულმა ავიაკომპანიებმა დასავლეთის სანქციების ქვეშ ოპერირების პრობლემა „მოაგვარეს“.
დასავლეთის მიერ სანქციების შემოღების შემდეგ, მათ არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ, ორი-სამი თვის შემდეგ კი მიწოდების ახალი არხები და საკმაოდ ბევრი ალტერნატივაც იპოვეს.
Reuters–მა გამოძიება ჩაატარა, თუ როგორ მოიპოვებს რუსეთის ავიაპარკი სათადარიგო ნაწილებს და ამ ვერსიის დამადასტურებელი მაგალითიც მოჰყავს.
რუსეთისთვის Airbus-ისა და Boeing-ის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიწოდების ერთ-ერთი არხს უცხოეთში მცხოვრები რუსებთან ნათესაური კავშირის მქონე პირები წარმოადგენენ.
საბაჟო მონაცემებით, რუსულმა ავიაკომპანია Nordwind Airlines-მა, ოჯახური კავშირების წყალობით, სათადარიგო ნაწილები შეიძინა 12 Airbus-ის და 15 Boeing-თვის.
ავიაკომპანიამ, რომელსაც რუსი ბიზნესმენი კარინა ბუკრეი ფლობს, ასობით ნაწილის იმპორტი განახორციელა Ramses Turizm-ის მეშვეობით, რომელიც დაფუძნებულია თურქეთის ქალაქ ანტალიაში და ბუკრეის ქმარს – რამაზან აკპინარს ეკუთვნის.
ნაწილების იმპორტი კიდევ ერთი თურქული კომპანიის – Na Havacilik ve Teknik-ის მეშვეობითაც განხორციელდა, რომელიც მხოლოდ 2022 წლის აგვისტოში დაარსდა.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსები თვითმფრინავის მეორად ნაწილებს „მეგობრული ქვეყნების“ მეშვეობითაც ყიდულობენ. ეს ქვეყნებია ტაჯიკეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები (UAE), თურქეთი, ჩინეთი და ყირგიზეთი – არც ერთ მათგანმა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს მხარი არ დაუჭირა.
ბევრი კომპანია, რომელიც ამ საქმიანობით არის დაკავებული, 2022 წლის შემდეგ შეიქმნა.
ეს აჩვენა Ural Airlines-ის Airbus-ის შემთხვევამ, რომელიც შარშან, ნოემბერში, ეკატერინბურგიდან გაუმართაობის გამო ვერ აფრინდა, მაგრამ სამი დღის შემდეგ მიიღო ამერიკული კომპანია Northrop Grumman-ის მიერ წარმოებული მნიშვნელოვანი სათადარიგო ნაწილი.
მოწყობილობის სერიული ნომერი მიუთითებდა, რომ ნაწილი დამზადებულია 2008 წლის ოქტომბერში და ის სხვადასხვა თვითმფრინავზე გამოიყენებოდა, მათ შორის, ექვსი წლის წინ საუდის არაბეთში.
Ural Airlines ამ გზით, უფრო მნიშვნელოვან ამერიკულ დეტალებსაც იღებს.
მთლიანად ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე, რუსულმა ავიაკომპანიებმა მინიმუმ $1,2 მილიარდის ღირებულების თვითმფრინავის ნაწილები მიიღეს. მაგრამ ეს იმპორტირებული ნაწილების რეალური ღირებულების მხოლოდ ნაწილია.
არსებობს მტკიცებულებები, რომ თვითმფრინავების ნაწილებს ის კომპანიებიც იძენენ, რომლებიც, სავარაუდოდ, საავიაციო ინდუსტრიასთან არ არიან დაკავშირებული.