საქართველოში აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში 1 კგ. უმაღლესი ხარისხის თხილის ფასი, სავარაუდოდ, 6-7 ლარი იქნება. ასეთია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის – გიორგი თოდუას პროგნოზი.
მისი თქმით, შედარებით დაბალი ხარისხის თხილი კი, სავარაუდოდ, 3-4 ლარი ეღირება.
ასოციაციის მონაცემებით, წელს საქართველოში თხილის მოსავლიანობა 30%-ით არის გაზრდილი შარშანდელთან შედარებით. წელს ბევრად უკეთესია მისი ხარისხიც.
გიორგი თოდუას თქმით, ქვეყანაში მინიმუმ 50 000 ტონა თხილის მოსავალი იქნება და დაახლოებით 70% პრემიუმი, პირველი და მეორე ხარისხის თხილი იქნება.
ასოციაციის ხელმძღვანელი ფერმერებს, ვისაც ხარისხიანი მოსავალი აქვს, ურჩევს, მოიცადონ და თხილი მას შემდეგ გაყიდონ, რაც თურქეთის ფასი გაირკვევა. მისი თქმით, ხარისხიანი თხილის რეალიზაციისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი აგვისტოს ბოლო და სექტემბერი იქნება.
მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასს ადგენს თურქეთი, როგორც უმსხვილესი მწარმოებელი. შესაბამისად, საქართველოში თხილის ღირებულება თურქეთის ფასის შესაბამისად განისაზღვრება.
წინასწარი პროგნოზით, 2023 წელს თურქეთის თხილის საბითუმო ფასი კილოგრამზე $3,49-$11,19 -ის დიაპაზონში იქნება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში წელს თხილის კარგი მოსავალია.
2022 წელს თხილის მოსავალი 40 000 ტონამდე იყო, 30%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით(2021 წელს 55 000 ტონა).
მოწეული თხილის დაბალი ხარისხის გამო, 2022 წლის განმავლობაში თხილის ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, თხილის ექსპორტიდან გასულ წელს საქართველომ $102 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 13.3%-ით ნაკლებია.
მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები გასულ წელს:
1. იტალია – $29.7 მლნ, 8 239 ტონა;
2. გერმანია – $22.5 მლნ, 4 578 ტონა;
3. სომხეთი – $8.7 მლნ, 2 255 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, 2022 წელს ქვეყანაში 25 ქვეყნიდან $15 მილიონამდე ღირებულების 4 763 ტონა თხილი შემოვიდა. იმპორტის ღირებულება 10.7%-ით მეტი იყო 2021 წლის მაჩვენებელზე, მოცულობა კი 24.4%-ით გაიზარდა.
იმპორტის უმეტესი ნაწილი აშშ-დან განხორციელდა.