რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მილიარდობით ზარალი მიაყენა ევროპულ კომპანიებს, რომლებიც რუსეთში მუშაობენ.
როგორც Financial Times წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ზარალმა მინიმუმ €100 მილიარდი შეადგინა.
600 ევროპული ჯგუფის წლიური ფინანსური ანგარიშგების კვლევამ აჩვენა, რომ 176 კომპანიას დაუფიქსირდა აქტივების გაუფასურება, სავალუტო და სხვა ხარჯების ზრდა რუსეთში მათი ბიზნესის დახურვისა თუ შემცირების გამო.
მოსკოვის მიერ ბუნებრივი აირის იმპორტიორებზე Fortum-სა და Uniper-ზე კონტროლის დაწესება, ისევე, როგორც Danone-ისა და Carlsberg-ის აქტივების მითვისების მაგალითები აჩვენებს, რომ მოსალოდნელია ფინანსური დარტყმები მომავალში სხვა ევროპულმა ფირმებმაც მიიღონ, – აღნიშნავს Financial Times.
ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადეს ნავთობისა და გაზის მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა BP, Shell და TotalEnergies, რომელთა ერთობლივი ხარჯი €40,6 მილიარდს აღწევს.
თუმცა, ამ კომპანიებმაზარალის გადაფარვა დიდი შემოსავლებით შეძლეს, რაც ენერგიის გაზრდილი ფასების შედეგად მიიღეს.
€13,6 მილიარდის ზარალი განიცადეს ევროპულმა ავტომწარმოებლებმა და სამრეწველო კომპანიებმა, ხოლო კომუნალური კომპანიების მოგება €14,7 მილიარდით შემცირდა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული კანონი მთავრობას უფლებას აძლევს, დროებით მფლობელობაში გადაიტანოს ქვეყნის შიგნით არსებული უცხოური აქტივები. ამ კანონის მიღების შემდეგ, რუსეთის ქონების სააგენტოს გადასცეს Danone-ის უცხოური წარმოშობის წილები, აგრეთვე, Carlsberg-ის ადგილობრივი ლუდსახარში Baltika.