რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს, რომელიც სოჭიდან თბილისის მიმართულებით დაფრინავს, ტექნიკური პრობლემები შეექმნა. თვითმფრინავების გაუმართაობის გამო ავიაკომპანიამ კოლცოვოს აეროპორტიდან ანტალიაში მგზავრების ჩაყვანა ვერ შეძლო.
Red Wings იძულებული გახდა, თვითმფრინავი სხვა ავიაკომპანიისგან ეთხოვა.
რეისი ანტალიიდან ეკატერინბურგში 12 აგვისტოს უნდა შესრულებულიყო, ხოლო უკან – ეკატერინბურგიდან ანტალიაში 13 აგვისტოს უნდა გაფრენილიყო.
ავიაკომპანიამ განმარტა, რომ მისი სამი Boeing-777-დან ორი ერთდროულად გამოვიდა მწყობრიდან.
Red Wings-მა „კომერციულ საფუძველზე“ თვითმფრინავი Ikar Airlines-ისგან ითხოვა.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ რეკომენდაცია მისცა Red Wings-ს, „დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები სხვა რუსულ ავიაკომპანიებთან დამატებითი თვითმფრინავების მოსაზიდად“.
როგორც ცნობილია, Red Wings დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქცირებულია. კერძოდ, ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ მისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება და Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება.
Red Wings რუსეთის ფედერაციის ათ უმსხვილეს ავიაკომპანიას შორისაა გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით.