ბანკების მიერ ანაბრების მოზიდვის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება ფიქსირდება.
ლარში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა, ხოლო უცხოურ ვალუტაში ნომინირებულ დეპოზიტებზე პროცენტი გაიზარდა.
ბანკების ინტერესი გაზრდილია ვალუტის მიმართ და შესაბამისად, მათი მოზიდვის მიზნით, წლიური სარგებელი გაზარდეს.
საპროცენტო განაკვეთი ბანკების მიხედვით განსხვავებულია. აშშ დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე წლიური განაკვეთის ზრდა საშუალოდ 1%-ს შეადგენს. ზოგიერთ ბანკში კი 1,5%-ს აღწევს.
ამ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი პროცენტი პროკრედიტ ბანკს აქვს. ბანკი აშშ დოლარში გახსნილ ვადიან ანაბარს წლიურად 2,10%-იან სარგებელს არიცხავს. ლარში განთავსებულ ვადიან ანაბარზე წლიური განაკვეთი 11%-ია.
ბაზისბანკი დოლარში განთავსებულ ვადიან ანაბარს წლიურად 2%-ს არიცხავს, ხოლო ლარში წლიურად 12,5%-ს იხდის.
თიბისი ბანკში ვადიან ანაბარზე წლიური განაკვეთი 1,5%-ს შეადგენს. ლარში ნომინირებულ დეპოზიტზე წლიური განაკვეთი 10.20%-ია.
ლიბერთი ბანკში დოლარში გახსნილ ანაბარზე წლიური სარგებელი 1,5%-ია, ხოლო ლარში – 11.6%.
შედარებით მცირეა სარგებელი საქართველოს ბანკში – დოლარში 1.44%-მდე, ხოლო ლარის დეპოზიტზე წლიურად – 11.41%-მდე.