საპენსიო სააგენტომ მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგების 3 განსხვავებული რისკიანობის და შემოსავლიანობის მქონე პორტფელში ინვესტირება შესთავაზა.
გარდა ნაკლებად რისკიანი პორტფელისა, მათ შეუძლიათ საპენსიო დანაზოგები საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში ჩადონ.
ლევან სურგულაძის გართხილება დანაზოგების დანაკარგების შესახებ
საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს მიმართავს და ურჩევს, მაღალრისკიანი პორტფელში ინვესტირების შეთავაზებისას, ისინი მოსალოდნელი დანაკარგების შესახებაც გააფრთხილონ.
„საპენსიო სააგენტოს საყურადღებოდ: როდესაც აპიარებთ “მაღალ რისკიან” პორტფელებს და მონაწილეებს მხოლოდ მეტ “მოსალოდნელ შემოსავლებს” ჰპირდებით, აუცილებელია იქვე უთხრათ, რომ მეტი “მოსალოდნელი” დანაკარგიც იგივე ალბათობით შეიძლება დადგეს, მითუმეტეს არანაირი რისკის კვალიფიციურად რაოდენობრივი შეფასების საშუალება არ გაქვთ.
საუკეთესო დასავლური სტანდარტით – თქვენი ქმედება, როგორც მინიმუმ, მონაწილის შეცდომაში შეყვანად კვალიფიცირდება და დასჯადია. ან მიეცით მონაწილეებს ადეკვატური და სრული ახსნა-განმარტება ან შეწყვიტეთ ეს არაეთიკური პიარი!”,- წერს ლევან სურგულაძე საკუთარ ფბ-გვერდზე.
როგორც ცნობილია, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი 2018 წლის 6 აგვისტოს ამოქმედდა და მისი მიღებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში ხორციელდებოდა.
საპენსიო სააგენტოს ცნობით, 6 აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს ეძლევათ 1-თვიანი ვადა (6 სექტემბრის ჩათვლით), რა დროსაც მათ თავად შეეძლებათ აირჩიონ, რომელ პორტფელში მოხდება მათი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება. ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად. კერძოდ:
• 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
• 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − შერეულ (საშუალო რისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
• ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − სტაბილურ (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში.
საინვესტიციო პორტფელის არჩევა მონაწილეს მისი პირადი ელექტრონული გვერდიდან შეუძლია (my.pensions.ge), ასევე შესაძლებელია მონაწილემ ეს არჩევანი იუსტიციის სახლებიდან ან საპენსიო სააგენტოს ოფისიდან განახორციელოს.
აქვე აღსანიშნავია, რომ მონაწილეს საინვესტიციო პორტფელზე არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ შეეძლება.