კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ შპს სელფი მობაილი მიიღებს.
კომპანიამ განაცხადი ერთი კომბინირებული ლოტის, 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ორი ლოტის და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ერთი ლოტის შეძენაზე გააკეთა.
ComCom-მა 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი 4 კომბინირებულ ლოტზე გამოაცხადა.
კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აუქციონის პირობებთან დაკავშირებით კომპანია მაგთიკომის და სილქნეტის შენიშვნები და მოსაზრებები სრულად გაითვალისწინეს, არცერთმა მათგანმა აუქციონში მონაწილეობა არ მიიღო.
ეს ორი კომპანია ტელეკომბაზრის 70%-ზე მეტს ფლობს და ქვეყანაში ახალი ტექნოლოგია მათ გარეშე დაინერგება.
თავდაპირველად 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად კომპანიებს ოთხივე კომბინირებულ ლოტზე ჰქონდათ ვალდებულება, რომ საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი – MVNO დაეშვათ, რისთვისაც ისინი დამატებით ფასდაკლებებს მიიღებდნენ.
მაგთიკომის და სილქნეტის მოთხოვნა იყო, რომ ისინი აუქციონში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ კომისია MVNO ვალდებულების და ფასდაკლების გარეშე, ერთ ლოტზე მაინც გამოაცხადებდა აუქციონს.
კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთ კომბინირებულ და ორ ცალკე მდგომ ლოტზე აუქციონი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშე გამოაცხადა. კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, კომპანიებმა როგორც საჯარო სხდომაზე, ისე სამუშაო შეხვედრებზე გაცხადებული პირობა არ შეასრულეს და აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
5G – ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას.
შეგახსენებთ, რომ ტექნოლოგიების სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ევროკომისიამ 2020 წელს წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ Covid 19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მობილური ქსელების განვითარების მიზნით, 5G-ისთვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხელმისაწვდომობა გაეზარდათ.
(რ)