უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 25%-დან 22%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
ეს არის პირველი შემცირება გასული წლის ივნისის შემდეგ, როდესაც განაკვეთი 10%-დან 25%-მდე გაიზარდა.
მარეგულირებლის განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ინფლაციის სწრაფი შენელება და სავალუტო ბაზარზე მდგომარეობის დასტაბილურება. ასევე, საერთაშორისო რეზერვების მაღალი დონე.
ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია 8,5%-მდე, ხოლო 2025 წელს – 6%-მდე შემცირდება.
ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის –ანდრეი პიშნის შეფასებით, უკრაინის ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზრდება, რადგან ავლენს მდგრადობას ომის ახალი გამოწვევების მიმართ.
გაუმჯობესებულია უკრაინის რეალური მშპ პროგნოზიც. ცენტრალური ბანკი წელს უკრაინის ეკონომიკის 2,9%-ით ზრდას ვარაუდობს. 2024 წელს 3,5%-იან, ხოლო 2025 წელს 6,8%-იან ზრდას.
მისივე თქმით, სავალუტო ბაზრის სტაბილურობისა და ინფლაციის შენელების შემთხვევაში, რეფინანსირების განაკვეთი მომავალშიც შემცირდება
ცენტრალური ბანკის შეფასებით, რომ არა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვა (რაც მომავალშიც შეაფერხებს აღდგენას), ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა.
უკრაინის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, მომავალ წლებში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება, ხოლო 2024 წლის შუა რიცხვებში უსაფრთხოების რისკები შემცირდება. მიგრანტების ეტაპობრივი დაბრუნება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდას და აღდგენის ფაზის დაწყების შემდეგ ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზრდება.