20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთვარის მისია ჩაიშალა – ავტომატური კოსმოსური სადგური Luna-25 მთვარის ზედაპირს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა.
სადგური მთვარეზე 21 აგვისტოს უნდა დაშვებულიყო, სადაც წყლის რესურსის კვლევა უნდა ჩაეტარებინა. კერძოდ, რა სახით არის წყალი მთვარეზე, როგორ შეიძლება მისი გამოყენება, ვარგისია თუ არა სასმელად.
Luna-25 პროექტი 1997 წელს დაიწყო, მაგრამ რამდენჯერმე შეწყდა, დაფინანსების ნაკლებობის, კორუფციის შემთხვევებისა და დასავლეთის სანქციების გამო.
კოსმოსური სადგურის მომზადების პერიოდში რუსეთის კოსმოსურ სააგენტო როსკოსმოსის 5 დირექტორი მოხსნეს, ზოგიერთი მათგანი კორუფციის გამო ციხეშიც გაუშვეს.
მისიაში მონაწილეობას ევროპის კოსმოსური სააგენტოც გეგმავდა, მაგრამ ორგანიზაციამ რუსეთთან თანამშრომლობა უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეწყვიტა.
რუსეთის ხელისუფლებამ Luna-25 პროექტზე მინიმუმ 12,6 მილიარდი რუბლი დახარჯა.
პროექტისთვის კოსმოსური თანხები იხარჯებოდა – რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 0,5%.
რა გახდა შეჯახების მიზეზი?
როსკოსმოსის გენერალურმა დირექტორმა იური ბორისოვმა მედიასთან განაცხადა, რომ Luna-25 ჩამოვარდა იმის გამო, რომ მისი ძრავა დროულად არ გაითიშა.
„კორექტირებამდე აპარატმა მიმართულება შეიცვალა და 19 აგვისტოს, 14:10 საათზე [მოსკოვის დროით] ძრავები ჩართო, რომლებსაც მოწყობილობა წინასადესანტო ორბიტაზე უნდა გაეყვანათ. სამწუხაროდ, ძრავა არ გამოირთო ციკლოგრამის შესაბამისად, ის დროებით გაითიშა”, – თქვა ბორისოვმა.
მისი თქმით, დაგეგმილი 84 წამის ნაცვლად, ძრავამ 127 წამი იმუშავა, რის შემდეგაც მოწყობილობა „მთვარის ღია ორბიტაზე გადავიდა“ და მთვარის ზედაპირს დაეჯახა. მიზეზებს, რის გამოც ძრავა დროულად არ გაითიშა, სპეციალური კომისია იძიებს.
კელდიშის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სპეციალისტებმა მათემატიკური მოდელირების მეთოდით დაადგინეს სადგურის შესაძლო ჩამოვარდნის ადგილი – 42-კილომეტრიანი კრატერი Pontecoulant G, რომელიც მდებარეობს მთვარის სამხრეთ ნახევარსფეროში.
Luna-25 მისიის წარუმატებლობის კიდევ ერთი მიზეზად ბორისოვმა 50-წლიანი პაუზა დაასახელა – დრო, რაც საბჭოთა Luna-24 მისიის გაშვების შემდეგ გავიდა.
„იმის მიუხედავად, რომ Luna-25 მისიის მთავარი მიზანი – რბილი დაშვება და კვლევა მთვარის სამხრეთ პოლუსზე წარუმატებლად დასრულდა, რუსეთმა მიიღო კოსმოსური ხომალდის მთვარის წრიულ ორბიტაზე გაშვების გამოცდილება. იმედი მაქვს, რომ მომავალი მისიები Luna-26, Luna-27, Luna-28 უკვე წარმატებული იქნება”, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, მთვარის სამხრეთ პოლუსზე (მთვარის მისიები სამხრეთ პოლუსზე მიდიან, რადგან ჩრდილოეთი ნაწილი ნაკლებად საინტერესოა) ინდოეთმა თავისი კოსმოსური სადგური 14 ივლისს გაუშვა. ის პლანეტაზე 23 აგვისტოს დაეშვება. ინდურ აპარატს ნაკლებად ამბიციური მისია აქვს. ის ზედაპირის კვლევასა და რესურსების ძიებას არ აპირებს.