63 000-მდე ფიზიკურ პირს 301 753 088.42 მილიონი ლარი ჩამოეწერა,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ჩამოწერა შეეხო აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, დარიცხული საურავების ჩათვლით, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი (2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება) შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობაა.
მთვარობამ გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო.
301 753 088.42 მილიონი ლარიდან ძირი გადასახადი 104 007 281.39 ლარს შეადგენდა, ხოლო სანქცია 71 502 813.93 ლარი, საურავი კი 126 242 993.10 ლარი იყო.
„აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით (62 515 ფიზიკურ პირზე 278 640 854.30 ლარი), ასევე პირადი (329 ფიზიკურ პირზე 23 112 234.12 ლარი) მომართვის საფუძველზე”,– წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების განმარტებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის რომ დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ფიზიკური პირის მიმართ გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა. შ ავტომატურად გაუქმდება.