საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველომ რუსეთზე დამოკიდებულების მაჩვენებლები შეისწავლა.
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას აჩვენებს ქვეყანაში რუსი ვიზიტორების შემოსვლის მაჩვენებელიც.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენენელზე 2-ჯერ მეტია, მაგრამ პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება 16%-ით.
2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში შემოსული ყოველი მეხუთე და მეტი ვიზიტორი რუსეთის მოქალაქე იყო. მათმა წილმა ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20.2% შეადგინა (2022 წელს მათი წილი 20% იყო).
ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ისთვის აქამდე არასდროს მიუღწევია.
საქართველოში შემოსული რუსი ვიზიტორები
რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად იმიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთის 62,300 მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად.