საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი რამდენიმე ფერმერის მოყვანილი მოსავალი ექსპორტზე ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გავა.
ასოციაციასა და კომპანია Wonderland Farms-ს შორის დადებული კონტრაქტით, 500 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდება, – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, პროდუქციის ნაწილი საექსპორტო ბაზრებზე უკვე გაგზავნილია.
შეთანხმება უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში შედგა. პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანამშრომლობის მიერ.
ლურჯი მოცვის ექსპორტი ციფრებში
2024 წლის 1 მაისიდან 7 ივლისის ჩათვლით განხორციელდა 4.3 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ $25.5 მილიონი შეადგინა. სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.7 ათასი ტონით (68%-ით), ხოლო ღირებულება – $9.9 მლნ-ით (63%-ით) გაიზარდა.
საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია. ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში მოცვი მცირე მოცულობით გადის და ექსპორტს ფრაგმენტული ხასიათი აქვს.