სკოლაში შესვლა 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შეეძლებათ, – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მშობელს, სურვილის შესაბამისად, შეეძლება ბავშვი შეიყვანოს სკოლაში ან ბაღში დატოვოს.
„გადავწყვიტეთ, რომ წელს ვინც დაბადებულია და პირველ ნოემბრამდე შეუსრულდება 6 წელი, უფლება ექნება შევიდეს სკოლაში. აქამდე, ეს დაშვებული იყო 1-ელ ოქტომბრამდე და ვადას ვახანგრძლივებთ. ყოველწლიურად გავზრდით ამ ვადას და ვფიქრობთ, სამართლიანი გზაგასაყარია 31 დეკემბერი. ეს საკითხი მშობლებისთვის არის ნებაყოფლობითი, თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, შეიყვანონ სკოლაში, თუ დატოვონ ბაღში“, – განაცხადა მინისტრმა.
შესაბამისი ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევა და ის დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
მინისტრის თქმით, პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
როგორც ცნობილია, 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2023 წლის 6-დან 20 მარტის ჩათვლით განხორციელდა და მხოლოდ იმ ბავშვებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ვისაც 6 წელი 2023 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ.
ცვლილების შემდეგ, რეგისტრაციის საშუალება მიეცემათ 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულებსაც. დამატებითი რეგისტრაცია 2 მაისიდან დაიწყება და გაგრძელდება 15 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge ხორციელდება. რეგისტრაცია ხდება მშობლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ.