ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან რუსეთმა სამხედრო პოტენციალის თითქმის ნახევარი დაკარგა. სულ რუსული არმიის დანაკარგი დაახლოებით 220 ათასი მოკლული და დაჭრილია.
ამის შესახებ European Pravda ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის – ჯეიმს ჰიპის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენი შეფასებით, კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით 220 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან დაიჭრა“, – აღნიშნა ჰიპიმ.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების შეფასებით, რუსეთმა დაკარგა 6200 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა. მათ შორის 2050-მდე საბრძოლო ტანკი, 80 თვითმფრინავი, 95 ვერტმფრენი, 250 უპილოტო საფრენი აპარატი, 12 სხვადასხვა კლასის საზღვაო ხომალდი და 1000-ზე მეტი საარტილერიო სისტემა.
ჰიპმა დასძინა, რომ ვაგნერის დანაკარგების ზუსტად შეფასება უჭირთ, მაგრამ აშკარაა, რომ დაჯგუფებას მძიმე ზიანი მიადგა.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, მტრის საბრძოლო დანაკარგები დაახლოებით 231 ათას ჯარისკაცს შეადგენს. გაანადგურეს 4 ათას 62 ერთეული ტანკი, ჯავშანტექნიკა – 7 ათას 917 ერთეული, საარტილერიო სისტემები – 4 ათას 288 ერთეული, 315 თვითმფრინავი და 309 ვერტმფრენი.