2025 წლიდან პენსია იზრდება. ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტშია მითითებული, რომელსაც დღეს პარლამენტი მესამე, საბოლოო მოსმენით იხილავს.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, იანვრიდან პენსია 35 ლარით გაიზრდება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის 350 ლარით, ხოლო 70 და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 450 ლარი იქნება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში შესაბამისად, 420 ლარი და 540 ლარი გახდება;
იზრდება სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობებიც, რომელთა ოდენობა დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის მოცულობაზე.
2025 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედა ზღვარი განისაზღვრება 1 035 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის ოდენობა 1 235 ლარით განისაზღვრება.
- მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების, ასევე, დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით განისაზღვრება;
- 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური დახმარების ოდენობა 200-ლარია;
- პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 990 მლნ ლარზე მეტით (ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 120 მლნ ლარით).