მთავრობამ 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია პარლამენტს წარუდგინა.
მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრებით:
- რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს;
- ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განისაზღვრა 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ $9 600-ს აჭარბებს.
მთვარობის პროგნოზით, 2028 წლისთვის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნება 123,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით $12 000-ს გადააჭარბებს;
- ნაერთ ბიუჯეტში გათვალისწინებულია საგადასახადო შემოსავლები 24,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 25,1%-ია; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.
- 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი განისაზღვრა 31,2 მლრდ ლარით.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 870,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება, რომლის ფარგლებში:
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და იქნება 450 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს;
- გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელის ზრდა 20 ლარით;
- 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური დახმარება 200 ლარი გახდება;
- ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6,3 მილიარდ ლარს; ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,9 მილიარდი ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
- დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.
განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება 370,0 მლნ ლარზე მეტით გაიზრდება, რომლის ფარგლებშიც:
- საჯარო სკოლების დაფინანსებაზე დამატებით გამოიყოფა 200,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება;
- გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
- გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები;
- საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560 მლნ ლარზე მეტი;
- საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180,0 მლნ ლარზე მეტი;
კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 920,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 515,0 მლნ ლარი.
თავდაცვა და უსაფრთხოება:
- თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 330 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
- თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 410,0 მლნ ლარი;
ინფრასტრუქტურა:
- ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნაერთი ბიუჯეტიდან გამოიყოფა 7,0 მილიარდ ლარზე მეტი,
მათ შორის:
- საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,5 მილიარდ ლარამდე, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,0 მილიარდ ლარამდე;
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი;
- წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 670,0 მლნ ლარზე მეტი;
- საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია 930,0 მლნ ლარამდე;
- ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მლნ ლარზე მეტი;
ბიუჯეტის პროექტით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2025 წელს დაიხარჯება 280,0 მლნ ლარზე მეტი;
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 630,0 მლნ ლარზე მეტი;
გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 240,0 მლნ ლარამდე;
საჯარო მოხელეთა ანაზღაურება:
- 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.
2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება. ხოლო დეკემბერში საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის საბოლოო ვერსია უნდა მიიღონ.