აზიის განვითარების ბანკის(ADB) შეფასებით, 2024 წელს საქართველოში მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მცირედ, 3,5%-მდე მოიმატებს, რაც მონეტარული პოლიტიკის შერბილების შედეგია. ეს კი თავისთავად აისახება პროდუქტების ფასებზე.
რაც შეეხება 2025 წელს, ADB-ის პროგნოზით, ინფლაცია კიდევ უფრო მეტად, 4%-მდე მოიმატებს, რადგან სასაქონლო ფასები ზომიერად იზრდება.
ბანკის ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფართო ფულის(ფართო ფული- M2(ნაღდი ფული+ ბანკებში ლარში დენომინირებული ვადიანი და შემნახველი დეპოზიტების ერთობლიობა) ზრდა ოდნავ, 14%-მდე შემცირდება 2024 წელს, რის შემდეგაც, 2025 წელს 15%-მდე გაიზრდება, კრედიტის ზრდის დაჩქარების გამო.
ამასთან ADB აღნიშნავს, რომ ინფლაციის პროგნოზი შესაძლოა, შეცვალოს ენერგომატარებლების, განსაკუთრებით კი, ნავთობის ცვალებადმა ფასებმა.
ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ინფლაციის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია.
თუმცა, როგორც აზიის განვითარების ბანკი აღნიშნავს, საქართველოში მომდევნო 2-3 თვეში ინფლაციური წნეხი არ იკვეთება.
„საქართველოში გასულ წელს, ინფლაციის შემცირებას ხელს უწყობდა ლარის გამყარება, რამაც ფასების ზრდაზე მაღალი შიდა მოთხოვნის გავლენა დააბალანსა. თავის მხრივ, შიდა მოთხოვნა მომატებული იყო ხელფასების ზრდის გამო, რასაც შრომის ბაზრის სიმცირე განაპირობებდა”,- აღნიშნავს აზიის განვითარების ბანკი.
შეგახსენებთ, ბანკი 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის 5%-ით ზრდას ვარაუდობს. ხოლო 2025 წელს ეს მაჩვენებელი 5,5%-ს მიაღწევს.