გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2024 წელს შენელდება, – მიიჩნევს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) გამოკითხული კომპანიების მთავარი ეკონომისტების 56%.
დანარჩენი გამოკითხულები კი მოელიან, რომ მშპ-ის ზრდის ტემპი 2023 წლის დონეზე დარჩება ან დაჩქარდება.
ეკონომისტები ყველაზე პესიმისტურად არიან განწყობილნი ევროპის ეკონომიკის მიმართ – გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ რეგიონში ზრდა სუსტი ან ძალიან სუსტი იქნება.
გამოკითხულთა 93% სამხრეთ აზიაში ზომიერ ან ძლიერ ზრდას ელის, ხოლო აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკის შესახებ ამგვარად ფიქრობს ეკონომისტების 86%.
აშშ-ში მშპ-ის ზრდა ზომიერზე მაღალი იქნება, – მიიჩნევს გამოკითხული ეკონომისტების 56%. ჯერ კიდევ სექტემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 78% იყო. ამავდროულად, მხოლოდ 13% ელის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მაღალ ინფლაციას.
WEF-ის ორგანიზატორებმა გამოჰკითხეს 30 მთავარი ეკონომისტი ბანკებიდან, საკონსულტაციო ფირმებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მსხვილი კომპანიებიდან, მათ შორის Microsoft-დან და Google-დან.
„გლობალური ეკონომიკა კიდევ ერთხელ შემოწმდება წელს“, – თქვა WEF-ის მმართველმა დირექტორმა საადია ზაჰიდიმ.
„ინფლაცია სუსტდება, მაგრამ ეკონომიკური ზრდა იკლებს, ფინანსური პირობები რჩება მკაცრი, დაძაბულობა უარესდება და უთანასწორობა იზრდება. საჭიროა თანამშრომლობა, რათა შეიქმნას პირობები მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის“.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური ეკონომიკა მიმდინარე წელს 2.9%-ით გაიზრდება 2023 წლის 3%-იანი ზრდის შემდეგ.