2024 წლის III კვარტალში საქართველოდან სამოგზაუროდ ნაკლები ადამიანი იმყოფებოდა. გასვლითი ვიზიტების შემცირებას საინვესტიციო კომპანია PMCG უცხოეთში მოგზაურობის გაძვირებას უკავშირებს.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ივლის-სექტემბერში საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 603 თასი შეადგინა, რაც 7%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2021 წლის II კვარტლის შემდეგ გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ პირველად დაიკლო, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში, რომელიც საქართველოდან გამავალი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, 2024 წლის აგვისტოში ინფლაციურმა ზეწოლამ გამოიწვია სტუმარმასპინძლობის სექტორში ფასების წინა წელთან შედარებით 68%-ით ზრდა.
გარდა ამისა, ბიზნესის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ წინა პერიოდებში გამავალი
ვიზიტების დიდმა რაოდენობამ, განსაკუთრებით, UEFA EURO 2024-ის პერიოდში,
ვიზიტების შემდგომი ვარდნა განაპირობა.
საქართველოდან ყველაზე მეტი მოგზაური კვლავ თურქეთს სტუმრობდა. 2024 წელის III კვარტალში თურქეთი დანიშნულების ადგილად საქართველოს რეზიდენტების 38%-მა აირჩია, რომელსაც მოსდევდა რუსეთი (19%), ევროკავშირი (15%) და სომხეთი (12%).
აღსანიშნავია, რომ თურქეთსა (-15%) და სომხეთში (-30%) განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო რუსეთში (+22%), ევროკავშირსა (+2%) და აზერბაიჯანში (14%) განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა.
საგრძნობლად არის გაზარილი მოგზაურობის ხარჯები.
გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებმა 2024 წლის III კვარტალში 676 მილიონ ლარს
მიაღწია, რაც 14%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დანახარჯების უდიდესი ნაწილი საყიდლებს (34%), საკვებსა და სასმელს (29%) და ტრანსპორტირებას (20%) უკავია.
გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი იყო მეგობრების ან ნათესავების მონახულება (მთლიანი ვიზიტების 32%) და, ასევე, საყიდლები (32%). 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა იმ ვიზიტორთა წილი, რომელთა მთავარ მიზანსაც რეკრეაციული ვიზიტები (+3 პპ) წარმოადგენდა.