ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა დაემატება. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა რუსთავი 2-თან განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში საბოლოო დიაგნოზის დასმას და შემდეგ ამ პროცესის დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ეს ონკოლოგიური დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას გააჩენს, რაც ფინანსური თვალსაზრისითაც ეფექტიანია. მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით, ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დანახარჯები დაახლოებით 40%-ით მცირდება.
მთავრობა ასევე გეგმავს ონკოლოგიური ქირურგიის, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებას, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირების გარდა.