Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს FMCG (კვების და სწრაფი მოხმარების პროდუქტებით ვაჭრობის) სექტორის შემოსავლები 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც წლიურად 9.5%-იანი ზრდაა.
საინვესტიციო კომპანიის მიმოხილვის თანახმად, სექტორის ჯამური შემოსავლებიდან 40.7% ბრენდული ქსელებზე მოდის და ეს მაჩვენებელი დინამიკაში მზარდია.
მიმდინარე წლის 10 თვეში ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა მეტწილად ახალი მაღაზიების გახსნის ხარჯზე მოხდა, რომელთა რიცხვმა 500-ით მოიმატა. ახალმა მაღაზიებმა ჩაანაცვლეს ტრადიციული ფორმატის მაღაზიები და არაფორმალური ვაჭრობა.
მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს FMCG სექტორის შემოსავლების ზრდა ძირითადად მოთხოვნის ზრდის ხარჯზე ხდებოდა, რადგან ფასისმიერი ეფექტი მინიმალურია.
Galt&Taggart ვარაუდობს, რომ 2024 წელს გამორჩეულად მაღალი იქნება ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა(მთლიანი FMCG სექტორის ზრდასთან შედარებით) და წლიურად 14.9%-ით 9.5 მლრდ ლარამდე მოიმატებს, ხოლო სხვა ფორმატების ზრდა 6.1%-ის დონეზეა მოსალოდნელი.
რაც შეეხება Galt&Taggart-ის უფრო გრძელვადიან პროგნოზს, FMCG ბაზარი წლიურად 8%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში და 2028 წელს ჯამური შემოსავალი 31.7 მლრდ ლარს მიაღწევს.
FMCG ბაზრის ზრდის ძირითადი ფაქტორი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის მომატება.
ამასთან, ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე უფრო მაღალი ტემპით გააგრძელებენ ზრდას. მაღალი იქნება მათი გეოგრაფიული ექსპანსია და სტრატეგიული განვითარება, რაც მათ შემოსავლებზეც აისახება.
ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე სწრაფად დისქაუნთერის ფორმატი იზრდება, ხოლო ჰიპერმარკეტების წილი მცირდება.
ბაზრის ყველაზე დიდი წილი დისქაუნთერებს უჭირავთ, რაც თანხვედრაშია გლობალურ ტრენდებთან.
დისქაუნთერების სწრაფი ზრდა დააჩქარა ბოლო წლების მაღალმა ინფლაციურმა ფონმა.
კომპანიების უმეტესობა კონცენტრირებულია მომხმარებელთა კონკრეტულ ჯგუფებზე და მიზერულია ისეთი კომპანიების რაოდენობა, რომელიც რამდენიმე ფორმატში ოპერირებს.
ფორმატების დივერსიფიკაცია შესაძლებელს ხდის სხვადასხვა პრეფერენციების მომხმარებლის მოზიდვას, რაც კრიტიკულია, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა არ იზრდება.
მომდევნო წლებში გაიზრდება ბაზარზე მათი წილიც. ბრენდული ქსელების ბაზარი წლიურად 14.8%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში (+24.5%-იანი ზრდა 2021-24 წლებში), რაც საბაზრო წილის მიმდინარე 40.7%-დან 52.0%-მდე ზრდას გამოიწვევს 2028 წელს.
მაგნიტი, სპარის, დეილის და გვირილას გაერთიანებით FMCG ბაზრის ახალი ლიდერი “დეილი ჯგუფი” გახდა, საცალო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის 27.6%-იანი წილით, ხოლო მაღაზიების რაოდენობაში 39%-იანი წილით. ამ ბრენდის წილი ჯამურ FMCG გაყიდვებში 9.8%-ს შეადგენს.
რეგიონებში იყვნენ წარმოდგენილი და ბიუჯეტურ სეგმენტზე გადიოდნენ დისქაუნთერის ფორმატით. ამავე სეგმენტს ფარავდა გვირილა მთელი საქართველოს მასშტაბით. სპარი და იოლი, თავისი ფრენჩაიზებით, სტანდარტული უბნის მაღაზიის (convenience store) ფორმატით იყო წარმოდგენილი.