Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 0.4% იყო, ხოლო 2023 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა.
- დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია;
- ადგილობრივ ფასებზე საგარეო ფაქტორებიც მოქმედებს. კერძოდ, ის, რომ მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება;
- მყარ პოზიციას ინარჩუნებს ლარის კურსიც. ეს კი იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.
დეკემბერში ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება, ძირითადად, სურსათის ფასების წლიურმა 3.1%-იანმა კლებამ განაპირობა.
ამასთან, დეკემბერში საბაზო ინფლაციამ, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, 1.9% შეადგინა, ხოლო ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპი 3.6%-მდე შენელდა ნოემბერში დაფიქსირებული 3.8%-დან.
2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (-2.7% წ/წ, -0.92პპ), ჯანდაცვა (-3.8% წ/წ, -0.37პპ), ტრანსპორტი (+5.1% წ/წ, +0.65პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+3.4%, +0.24პპ) და საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+2.3%, +0.24პპ).