საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეინარჩუნა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის და გააუმჯობესა ის 2025 წლისთვის.
სსფ 2024 წელს გლობალური მშპ-ს 3,2%-მდე ზრდას ვარაუდობს, ხოლო 2025 წლის პროგნოზი 0,1%-ით გაიზარდა და 3,3%-ს ელოდება. ამის შესახებ სავალუტო ფონდის განახლებულ ანგარიშში “World Economic Outlook”-შია საუბარი.
„მოსალოდნელია, რომ გლობალური ეკონომიკა ზომიერად გაიზრდება მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რადგან აქტივობა შენელდება შეერთებულ შტატებში, ეკონომიკა დასტაბილურდება ევროპაში და მოხმარება და ექსპორტი გაიზრდება ჩინეთში”, – ნათქვამია ანგარიშში.
აშშ-ს ზრდის პროგნოზი სსფ-მა 2024 წლისთვის 0,1%-ით, 2.6%-მდე შეამცირა, რაც პირველ კვარტალში მოსალოდნელზე შენელებულ მოხმარებას ასახავს. აშშ-ს პროგნოზი 2025 წლისთვის უცვლელი დარჩა – 1.9%.
ჩინეთის მშპ-ს ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად გაიზარდა – 5%-მდე, აპრილში ნავარაუდევი 4,6%-დან, მოხმარების აღდგენისა და ექსპორტის ზრდის გამო. ამავე დროს, ფონდი ვარაუდობს, რომ 2025 წელს ჩინეთის ეკონომიკა წლიურ ზრდას 4,5%-მდე შეანელებს.
ევროზონის პროგნოზი გაიზარდა 0,1%-ით. 0,9%-მდე 2024 წელს. 2025 წლისთვის კი უცვლელად, 1,5%-ზე დატოვა. სსფ მიიჩნევს, რომ ევროპაში ვითარება სტაბილური გახდა და გაუმჯობესდება მომსახურების სექტორის, ხელფასების ზრდისა და ინვესტიციების წყალობით.
იაპონიის ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის შემცირდა 0,7%-მდე 0,9%-დან, ნაწილობრივ პირველ კვარტალში სუსტი კერძო ინვესტიციების გამო.
ორგანიზაცია მიანიშნებს გლობალური ინფლაციის მაღალ რისკებზე, მომსახურების მაღალი ფასების, ხელფასების ზრდისა და ვაჭრობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის განახლების გამო.
სავალუტო ფონდი ასევე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მიმდინარე წელს არჩევნების შედეგად მოხდეს ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში, რასაც შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს დანარჩენი მსოფლიოსთვის.