“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს”( TI ) შეფასებით, 2024 წელს “ქართული ოცნებისადმი”კრიტიკულად განწყობილი მედიისთვის მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევები საგანგაშოდ გაიზარდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე. 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია.
28 ნოემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის იყო: მმართველი პარტიის მიერ წახალისებული ე.წ. “ტიტუშკები” პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს.
ასევე პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. ის სარეაბილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის” სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, 1 სისხლის სამართლის საქმეზე კი – გამოძიება შეწყვიტა.
როგორც TI აღნიშნავს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხიდან არ ჩანს, მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავე პირები.
ორგანიზაცია ასევე მიუთითებს პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესის ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ გამოყენებაზე და ყურადღებას ამახვილებს კომუნიკაციების კომისიის უარყოფით როლზე კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ.
“წინასაარჩევნო პერიოდში კომისიამ “ქართული ოცნების” საჩივრების საფუძველზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს სამართალდარღვევის არაერთი სადავო ოქმი შეუდგინა, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ისინი დააჯარიმა.
კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა “მედიაომბუდსმენმაც” და თქვა, რომ კომისია სასამართლოსთან ერთად გახდა “თანამონაწილე საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები.
მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში, კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს მიადგა”,- აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია.
ამასთან, საგულისხმოა, რომ 2024 წელს კვლავ შენარჩუნდა უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში არშემოშვების ტენდენცია. მიმდინარე წელს, დასაბუთების გარეშე, უარი უთხრეს არაერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელთაც საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქება სურდათ.
“საერთაშორისო გაჭვირვალობა- საქართველოს” შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა ტოვებს განცდას, რომ ამგვარი ქმედებები სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული და ნებადართული.
“მედიის მიმართ დანაშაულების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა და არაეფექტიანი ფუნქციონირება სახელმწიფოს მიტაცების თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ერთი პარტიის გარშემო კონცენტრირებული ხელისუფლების სხვადასხვა შტო, მხოლოდ ამავე პარტიის ძალაუფლების გამყარების მიზნებს ემსახურება და აცდენილია მის მთავარ დანიშნულებას, რაც საზოგადოების ინტერესების მიუკერძოებელ მსახურებას ნიშნავს”,- აღნიშნავს ორგანიზაცია.