თხილის წარმოების სახელმწიფო პროგრამა 2024 წელსაც განხორციელდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყოფა.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. თანხას მიიღებენ ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა ფართობის თხილის ბაღი.
ისინი ჰექტარზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
სუბსიდია, პროგრამაში ჩართული პირების ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით აისახება. ფერმერებს დარიცხული ქულების გამოყენება საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრარულ მაღაზიაში შეეძლებათ.
დახმარების პროგრამა გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, თხილის კადასტრში 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა. წელს ფერმერებმა, თხილის ბაღების მოვლის საშუალებების შესაძენად, დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება მიიღეს.