როგორც PMCG-ის კვლევამ აჩვენა, 2023 წლის I ნახევარში რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა (მთლიანი შემოსავლის 26.7%) და $482.1 მილიონი შეადგინა, რაც 9.4%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.
რუსეთის შემდეგ მეორეა თურქეთი (მთლიანი შემოსავლის 14,6%), საიდანაც შემოსავლები 39.5%-ით გაიზარდა 2019 წლის I ნახევართან შედარებით; შემდეგ კი ევროკავშირი, რომელმაც, მიუხედავად ვიზიტორთა რაოდენობის ნაწილობრივი აღდგენისა, პანდემიამდე მაჩვენებელს 14.4%-ით გადააჭარბა და მთლიანი შემოსავლის 12% შეადგინა.
შემოსავლები ყველაზე დაბალი იყო აზერბაიჯანისთვის (პანდემიამდელი მაჩვენებლის 59.3%).
შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა ისრაელიდან (70.4%) და უკრაინიდან (30.8%).
საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების 38.4%, ბელარუსის მოქალაქეების 34.9% და უკრაინის მოქალაქეების 28% შეფასებულია 1 წელზე მეტი ვადით მყოფად ან საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენის მსურველად.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვით, ისინი განიხილებიან საქართველოს რეზიდენტებად და მათი დანახარჯები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის გამოთვლებში არ შედის.
2023 წლის I ნახევარში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენის მიუხედავად, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად აჭარბებს პანდემიამდელ დონეს.
ეს განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა დარჩენის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა, საერთაშორისო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა და ინფლაციის ტენდენციები.
კერძოდ, 2023 წლის I ნახევარში საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავალმა $1.8 მილიარდს მიაღწია, რაც 24%-ით მეტია 2019 წლის I ნახევართან შედარებით, ხოლო 58%-ით მეტი 2022 წლის I ნახევართან შედარებით.