საქართველოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT) ბოლო 5 წლის განმავლობაში 3-ჯერ გაიზარდა.
ქვეყნის ეკონომიკურ სექტორებს შორის ის ყველაზე დიდ ზრდას აჩვენებს. აღნიშნული სფერო ამჟამად სიდიდით მე-8 ადგილზეა და 2022 წლიდან ფინანსურ სექტორსაც გადაუსწრო.
IT სექტორის ზრდისთვის მნიშვნელოვანი იყო საწყის ეტაპზე მთავრობის მხრიდან წახალისება.
სექტორს დამატებითი სტიმული მისცა 2022 წლიდან საქართველოში მაღალკვალიფიციური რეგიონული მიგრანტებისა და არაერთი საერთაშორისო IT კომპანიის შემოსვლამ.
IT სექტორი უცხოური ვალუტის შემოდინების ახალი, ყველაზე სწრაფად მზარდი წყარო გახდა.
სექტორის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და 2022 წელს $597 მილიონს მიაღწია. გაიზარდა მისი წილი სერვისების მთლიან ექსპორტში და ამჟამად მესამე ადგილი უკავია ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორების შემდეგ.
კერძოდ, სერვისების ექსპორტში IT სექტორის წილი 2021 წლამდე თუ დაახლოებით 2% იყო, 2022 წელს 10.5%-მდე გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევარში 14.7% -ს მიაღწია.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2023 წელს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის შემოსავალი $1 მილიარდს მიაღწევს.
ამ სექტორს ზრდის საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს, ეს გულისხმობს ეკონომიკის გამძლეობას გარე შოკების მიმართ. ის ასევე უზრუნველყოფს ქვეყნის უკეთეს დაცვას ვალუტის კურსის ცვლილებებისგან ან პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის ნებისმიერი პოტენციური შენელების რისკისგან.
ეკონომისტების შეფასებით, მომავალში ციფრული გადაწყვეტილებების ფართო ინტეგრაცია სხვადასხვა სექტორში და ძლიერი ციფრული ბიზნეს ეკოსისტემის ჩამოყალიბება გაზრდის პროდუქტიულობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.