საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს $1,594 მლრდ შეადგინა, რაც 24%-ით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. უწყების ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს სავალო ვალდებულებების შემცირება წარმოადგენს.
რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ $1,173 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 68.3%-ით აღემატება, ხოლო რეინვესტიციამ $1,279 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 7.2%-ით ნაკლებია. სავალო ვალდებულებები კი $857.5 მილიონით შემცირდა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორ ქვეყნად კვლავ გაერთიანებული სამეფო რჩება, საიდანაც შარშან განხორციელებულმა ინვესტიციებმა $392 მლნ შეადგინა. მეორე ადგილზეა – ნიდერლანდები – $360.5 მილიონით, სამეულშია თურქეთი – $168.8 მლნ-ის ინვესტიციებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით ხუთეულში შედიან – აშშ – $153.5 მილიონით და რუსეთი – $87.6 მილიონით.
შესაბამისად, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, 57.8% შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 24.6%-ით, მეორეზე – ნიდერლანდები 22.6%ით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 10.6%-ით.
რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2023 წელს 66.5% შეადგინა.
ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $630.1 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი $291.7 მლნ-ით (18.3%), ხოლო მესამეზე – ტრანსპორტის სექტორი $138.2 მლნ-ით (8.7%). მეოთხე ადგილზეა ვაჭრობა – $116.6 მილიონით და ხუთეულშია ენერგეტიკის სექტორი – $108.5 მილიონის ინვესტიციით.