2023 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 28.7 მეგავატია.
მათ შორის ყველაზე დიდი 20 მგვტ სიმძლავრის მესტიაჭალა-1 ჰესია, რომელიც ხელმეორედ ამოქმედდა 2023 წლის დეკემბერში (პირველად ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წელს, მაგრამ ჰესმა მუშაობა წყალდიდობის გამო შეწყვიტა).
დანარჩენი 6 ჰესია: დმანისის ჰესი (2 მგვტ), ტოლოში ჰესი (1.7 მეგავატი), როშკა და როშკა-1 ჰესი (2.5 მეგავატი), კორშა და კორშა-1 ჰესი (2.5 მეგავატი).
მიკრო ჰესები
აღსანიშნავია, რომ მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურებს 2023 წელს შთამბეჭდავი 27.6 მგვტ-იანი ზრდა ჰქონდათ.
სულ გასულ წელს სადისტრიბუციო ქსელს 316 მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური დაემატა. ეს არის 0.5 მგვტ-ზე ნაკლები დადგმული სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურები, რომლებიც ხვდება „ნეტო აღრიცხვის“ რეგულაციაში (სპეციალური მხარდაჭერის სქემა, რომელიც გულისხმობს სადგურსა და მომხმარებელს შორის პირდაპირ კავშირს და რეგულაციურ შეღავათებს).
2023 წლის ბოლოსთვის, ნეტო აღრიცხვის სისტემაში სულ 1,000-ზე მეტი ელექტროსადგური იყო ჩართული. ამ სადგურების მთლიანმა სიმძლავრემ 64 მეგავატს მიაღწია.
მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სემეკმა ასეთი სადგურების ჯამურად დასაშვები სიმძლავრე პიკური დატვირთვის 4%-დან 8%- მდე გაზარდა, რაც შეადგენს დაახლოებით 100-110 მეგავატს. ამ სადგურების გენერაცია ამ ეტაპზე არ აღირიცხება, მათი გამომუშავების ნაწილი აკლდება საცალო მოხმარების სტატისტიკას.