რუსეთიდან ექსპორტი 2023 წელს თითქმის მესამედით (28,3%) შემცირდა, ხოლო ევროპაში პროდუქციის მიწოდებამ 68%-ით დაიკლო. ამასთან, გაიზარდა რუსეთის ექსპორტისა და იმპორტის დამოკიდებულება აზიაზე. ამის შესახებ Reuters რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს რუსეთიდან ექსპორტმა $425,1 მილიარდი შეადგინა. აქედან ევროპაში $84,9 მილიარდის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მოცულობაზე 68%-ით ნაკლებია.
ამავდროულად, აზიაში ექსპორტი 5,6%-ით გაიზარდა და $306,6 მილიარდი შეადგინა. ამ რეგიონის წილი რუსულ ექსპორტში საგრძნობლად გაიზარდა – 2022 წლის 49%-დან 2023 წელს 72%-მდე.
რუსეთში იმპორტი 11,7%-ით გაიზარდა და $285,1 მილიარდი შეადგინა. ამასთან, ევროპიდან მიწოდება 12,3%-ით შემცირდა და $78,5 მლრდ. შეადგინა, აზიიდან იმპორტი კი 29,2%-ით გაიზარდა და $187,5 მლრდ-ს მიაღწია.
2023 წელს ექსპორტი ამერიკაში შემცირდა 40,4%-ით, $12,2 მილიარდამდე, ამერიკიდან იმპორტი შემცირდა 11,0%-ით, $15,0 მილიარდამდე.
შესაბამისად შემცირებულია რუსეთის საგარეო სავაჭრო ბალანსი- 58,5%-ით(2023 წელს $140 მილიარდი).
საგარეო ვაჭრობის მოცულობა 2023 წელს $710,2 მილიარდი იყო, რაც წინა წლის მოცულობაზე 16,2%-ით ნაკლებია.
ცნობისთვის, ევროკავშირს ამ დრომდე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 პაკეტი აქვს დამტკიცებული. ამჟამად მზადდება სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც 55 კომპანიასა და 60-ზე მეტი ფიზიკურ პირს შეეხება.