სტატისტიკის სამსახურმა 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შარშან ქვეყანაში $2 მილიარდის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2021 წლის მონაცემებს 61.1%-ით აღემატება. ეს ბოლო 6 წლის განმავლობაში FDI-ის რეკორდული მაჩვენებელია.
ზრდა ინვესტიციების ორი კომპონენტის – სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების გაზრდილმა მაჩვენებელმა განაპირობა. სააქციო კაპიტალში $686 მილიონი ჩაიდო, ხოლო არსებული ბიზნესის რეინვესტირებისთვის $1.28 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდა.
ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა – $428 მილიონი, მეორე ადგილს ესპანეთი, მესამეს კი აშშ იკავებს.
ქვეყნების მიხედვით, ინვესტიციები ასე ნაწილდება:
- გაერთიანებული სამეფო – $428 მილიონი
- ესპანეთი – $367 მილიონი
- აშშ – $164 მილიონი
- ნიდერლანდები – $146 მილიონი
- ირლანდია – $121 მილიონი
- ჩინეთი – $109 მილიონი
- თურქეთი – $106 მილიონი
- ჩეხეთი – $86 მილიონი
- რუსეთი – $71 მილიონი
- იაპონია – $68 მილიონი