ფერმერი დარეჯან კანთელაძე ყველს წალკაში, ალპურ ზონაში, სოფელ სანტაში აწარმოებს და მარკეტებში „ალპია“-ს ბრენდით ჰყიდის. მან ყველის დამზადების ძველი ტექნოლოგია აღადგინა და „გაუდას“ ტიპის ყველის წარმოება დაიწყო.
შპს „სანტას” ძროხები ეკოლოგიურად სუფთა საძოვრებზე იკვებებიან, ვეტერინარის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ამიტომ საქონელი ჯანმრთელია, ხოლო პროდუქცია მაღალი ხარისხის.
„ალპიას” ყველს თავისი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც არჩევანს ნატურალურ პროდუქტზე აკეთებს და მზადაა, ამისთვის შედარებით მაღალი ფასიც გადაიხადოს. დარეჯან კანთელაძე ამბობს, რომ მის ნატურალურ პროდუქტს მაინც უჭირს კონკურენცია გაუწიოს ე.წ. რძის ფხვნილისგან დამზადებულ ყველს, რომელიც ბაზარზე გაცილებით იაფად იყიდება.
„ბაზარი გაჯერებულია ყველით, რომელიც მზადდება ფხვნილისგან, რომელსაც მცენარეულ ცხიმს უმატებენ. ამისთვის პალმის ზეთს იყენებენ, რომელიც მავნებელია და ადამიანს დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს.
ასეთი იაფი ყველი მრავლადაა ბაზარზე და მარკეტებშიც, რაც ძალიან გვიშლის ხელს ფერმერებს, ვინც ხარისხიანი პროდუქტის შექმნაზე ვმუშაობთ.
რძისგან ყველის დამზადება ძვირი ჯდება, რადგან თვითღირებულება აქვს მაღალი. ძროხის შენახვა ძვირია, მისი საკვებიც. ნატურალური ყველის მწარმოებლებს უამრავი წინააღმდეგობა გვხვდება, რასაც ბევრი ვერ უძლებს. ამ პრობლემების გადატანა, გაძლება, არამარტო ფინანსურად, ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია”,- აღნიშნავს დარეჯან კანთელაძე.
ფხვნილის გაზრდილი იმპორტი
ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში რძის ფხვნილის, რძის ნაღებისა და სხვა რძის პროდუქტების იმპორტი იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში $23.9 მილიონის 9 229 ტონა რძის ფხვნილი, გრანულები და რძის სხვა შემცვლელების იმპორტი განხორციელდა. რძის შემცვლელების იმპორტი თანხაში 18%-ით შემცირდა, ხოლო რაოდენობრივად 2.85%-ით გაიზარდა, რაც აჩვენებს, რომ საქართველოს რძის ფხვნილის იმპორტი გაუიაფდა.
იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული კი, ასე გამოიყურება:
- ბელარუსი – $7.7 მლნ. 3 322 ტონა;
- ნიდერლანდები – $5 მლნ. 1 498 ტონა;
- ირანი – $3.1 მლნ. 1 254 ტონა;
- რუსეთი – $2.4 მლნ. 1 363 ტონა;
- უკრაინა – $2.4 მლნ. 826 ტონა.
გარდა ფხვნილისა, ნედლი რძის ალტერნატივად ქვეყანაში ასევე იყენებენ რძე პასტას, რაც გასულ წელს სულ $145.1 ათასის ღირებულების 23.4 ტონა შემოვიდა.
მაღალია პალმის რძის იმპორტის ოდენობაც. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში $3.6 მილიონის ღირებულების პალმის ზეთი შემოვიდა(2022 წელს იმპორტმა $3.8 მილიონი შეადგინა).
რაც შეეხება ნატურალური რძეს, ქვეყანაში ის დეფიციტურია. მართალია, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, მისმა წარმოებამ მცირედით მოიმატა, თუმცა, მაინც ჩამორჩება 2021 წლის მოცულობას.
2023 წელს ნედლი რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 585.4 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 3.6%-ით აღემატება 2022 წლის შედეგს, მაგრამ ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე, როცა რძის წარმოება 587,9 მილიონი ლიტრი იყო.
ნედლი რძის დეფიციტი მის სიძვირეს განაპირობებს. საქართველო ნედლი რძის ფასით ევროპაში არსებულ ფასს რამდენიმე ათეული ცენტით აღემატება. რძის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა, ინფლაცია და საქონლის საკვები ბაზის გაძვირება, რძის ფასის ზრდის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
ამიტომ იაფ რძის ფხვნილის გამოყენებით, მეწარმე, თავიდან იცილებს რძის სიძვირის, მისი დეფიციტის თუ ტრანსპორტირების პრობლემას.
საეჭვო პროდუქტით გაჯერებული ბაზარი
ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი BRG-თან საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში იზრდება რძის ფხვნილზე დამზადებული, ფალსიფიცირებულ პროდუქტის წარმოება, რომლის ზუსტი შემადგენლობა უცნობია.
„პრობლემა არის ის, რომ ე.წ. რძის ფხვნილის იმპორტი ხდება მეორე კატეგორიის ქვეყნებიდან, სადაც დაბალი სტანდარტები აქვთ და უმეტეს შემთხვევაში მათი ხარისხი საეჭვოა.
ფხვნილის გამოყენება არ არის აკრძალული. მისგან მიღებულმა პროდუქტმა შეიძლება, მოწამვლა არ გამოიწვიოს, მაგრამ დროთა განმავლობაში დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენ ორგანიზმს. განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.
ამიტომ აუცილებელია მომხმარებლის ცნობიერების გაზრდა, მოსახლეობამდე განათლების მიტანა, რომ არ შეიძლება რძის პროდუქტების ყიდვა ქუჩაში”,– აღნიშნავს რუსუდან გიგაშვილი.
საქართველოს კანონმდებლობით, პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით არის ჩანაცვლებული, არ წარმოადგენს რძის ნაწარმს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი, ყველი და სხვა) მითითება აკრძალულია.
მაგრამ საკოლმეურნეო ბაზარში გამყიდველი ყველაფერს ისე ყიდის, როგორც ნატურალურს. გლეხურ პროდუქტს ამოფარებული მეწარმეები, ფხვნილისგან მიღებულ ყველს, ოჯახში დამზადებულ პროდუქტად ასაღებენ. რიგით მომხმარებელსაც ასეთი ყველი, რომელიც რა თქმა უნდა, ეტიკეტის გარეშე იყიდება, ნატურალური სოფლის პროდუქცია ჰგონია.
მომხმარებელი მაღაზიაშიც შეიძლება იოლად გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი. მარკეტებში შეტანილ პროდუქტს ნედლეულის შესახებ დამაბნეველი წარწერა აქვს და მომხმარებლისთვის რთულია ამოცნობა, რომელია ხელოვნურად შექმნილი და რომელი ნატურალური.
„მაწონზე, იოგურტზე წარწერები ისეთი მარკეტინგული ხრიკებითაა დატანილი, რომ მომხმარებლების მისი წაკითხვა და შემადგენლობის გარკვევა უჭირს. ანალოგიურად ხდება კარაქზეც. მას შემდეგ, რაც აიკრძალა სპრედზე კარაქის დაწერა, ათასგვარ ხრიკს მიმართეს, აწერენ „სოფლის”, „მთიულურს” და ა.შ. რეალურად კი ის არის არა კარაქი, არამედ სპრედი”,– ამბობს რუსუდან გიგაშვილი.
საეჭვო შემადგენლობის ყველი მარტო მარკეტებში არ ხვდება. ის შეაქვს საცხობებსა და რესტორნებშიც.
„ბევრი საცხობი თუ რესტორანი, მაკონტროლებლის თვალის ასახვევად, ყველს ნაწილობრივ ლეგალური მწარმოებლისგან ყიდულობს, რათა მათ საეჭვო შემადგენლობის, დაბალი ხარისხის პროდუქტის გამოყენება დაუმალონ.
ამ ობიექტში შესვლისას მფლობელი მაკონტროლებელს აჩვენებს საბუთს, სადაც ლეგალური მეწარმისგან გაკეთებული შესყიდვა არის დაფიქსირებული. რეალურად კი, ის გაცილებით მეტი ოდენობის იაფ, უხარისხო ყველს იყენებს,”– ამბობს „მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელი.
„სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” მიერ ჩატარებულმა ყველის ნიმუშების შემოწმებამ აჩვენა, რომ გასაყიდად გამოტანილი პროდუქტის 90%-ზე მეტს, ეტიკეტი საერთოდ არ აქვს. ასევე აღმოჩნდა, რომ შემოწმების დროს აღებული ნიმუშების 25% მცენარეული ცხიმის გამოყენებითაა დამზადებული, რაც ფალსიფიკაციის დიდ მასშტაბზე მიუთითებს. ფალსიფიკაციასთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს ბაზარზე გლეხის მიერ გამოტანილი დაბინძურებული პროდუქტი, რომლის მიკვლევადობა ასევე ხშირად ვერ ხერხდება.
კვლევის ჩატარების დროს, ქვეყნის 13 მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მაღაზიიდან ყველის 42 ნიმუში აიღეს. მათი უმრავლესობის წარმომავლობის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, მათ შორის, იმ ნიმუშების, სადაც დარღვევები იყო გამოვლენილი.
ნიმუშები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შეამოწმეს. დარღვევა ყველის 12 ნიმუშში აღმოჩნდა, რაც ჰიგიენური მოთხოვნების დაუცველობაზე მიუთითებდა. კოლიფორმები დაფიქსირდა 11 ნიმუშში, სტაფილოკოკი – ყველის 4 ნიმუშში. ერთ ნიმუშში აღმოჩნდა სალმონელა, რომელიც ორგანიზმისთვის ყველაზე საშიშია.
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე ამბობს, მათ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მწარმოებლის გასარკვევად მიმართეს, მაგრამ მხოლოდ ორი ნიმუშის იდენტიფიცირება მოხერხდა.
ვახტანგ კობალაძის თქმით, ქვეყნის სასურსათო ბაზრის დიდი ნაწილი ვერ კონტროლდება, განსაკუთრებით გლეხური მეურნეობები, რომლებიც საქართველოში ათასობითაა(2014 წლის მონაცემებით საქართველოში 600 ათასზე მეტი სასოფლო სამეურნეო გლეხური მეურნეობა იყო და სავარაუდოდ ახლა მათი რიცხვი გაზრდილია). დიდ ფერმებსა და გლეხურ მეურნეობებში, 2023 წლის მონაცემებით, მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა 837 ათასი სულს აღემატება და მათი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული.
„გლეხური მეურნეობების ძალიან დიდი სეგმენტი არ არის აღრიცხული. ისინი არსად რეგისტრირდებიან. ძალიან ცუდად კონტროლდებიან წვრილი მოვაჭრეებიც. შედეგად, ვერ ხდება დაბინძურების წყაროს დადგენა და პრობლემის აღმოფხვრა.
ქვეყანაში არაერთი საწარმოა, რომელიც იატაკქვეშ მუშაობს, არც რეგისტრირებულია, არც გადასახადს იხდის და მათი შემოწმებაც არ ხდება. ეს საკითხი ხელისუფლების მხრიდან, პრიორიტეტულად არ არის მიჩნეული.
ვერცერთმა ხელისუფლებამ გამოიჩინა პოლიტიკური ნება, მოსთხოვოს გლეხურ მეურნეობებს, რომ ჰიგიენურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ”,– აღნიშნავს კობალაძე.
ყველის იატაკქვეშა წარმოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს(სეს) ყველა საწარმოს შესამოწმებლად რესურსი არ ჰყოფნის. ამიტომ სამსახური აქცენტს მაღალი რისკის მქონე ბიზნეს-ოპერატორების შემოწმებაზე აკეთებს. ხოლო დაბალი რისკის საწარმოები გეგმურ კონტროლს არ ექვემდებარებიან.
როგორც ვახტანგ კობალაძე ამბობს, ბიზნეს-ოპერატორების ბაზა, რომლითაც სააგენტო ხელმძღვანელობს, არასრულყოფილი და ხარვეზიანია. შესაბამისად, არის ობიექტები, რომლებიც წლების განმავლობაში არ შემოწმებულა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ადასტურებს, რომ უმეტესად მაღალი რისკის ობიექტებს ამოწმებენ. მისი თქმით, დაბალი რისკის ობიექტის პროდუქტის მოხმარება უკვე მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, იგივე ეხება ეტიკეტის სწორად წაკითხვასაც.
მისივე თქმით, სეს-მა 2023 წელს გეგმური შემოწმება დიდი საწარმოების 20%-ში ჩაატარა. სულ გამოიკვლიეს 300 სხვადასხვა რძის ნიმუში, 1296 დამაბინძურებელზე. რძის პროდუქტებში 300-მდე დარღვევა გამოვლინდა- აღმოჩნდა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები, მაგრამ ანტიბიოტიკები 2023 წელს არ დაფიქსირებულა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო ყველაფერს ვერ გააკონტროლებს. პირველ რიგში, მეწარმე სუბიექტი არის პასუხისმგებელი თავის წარმოებულ პროდუქტზე. ჩვენ ბიზნეს ოპერატორები დაავალდებულეთ, რომ ლაბორატორიული კვლევა გაეკეთებინათ”,- აღნიშნავს ბასილაძე.
მაგრამ აქ თავს იჩენს კვლევაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. შეუძლია კი გლეხურ მეურნეობას, ფერმერს თავისი პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმების გაკეთება? საქმე ის არის, რომ მათ ლაბორატორიული კვლევებისადმი შეზღუდული წვდომა აქვთ.
რეგიონებში ლაბორატორიები ცოტაა და უმეტეს მათგანში კვლევა საერთოდ ვერ ტარდება. ხოლო სადაც კვლევის ჩატარება შესაძლებელია, იქ, მომსახურების ტარიფები მაღალია.
საქმეს ართულებს საჭირო ინფორმაციის დეფიციტი. მეწარმეების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საფრთხეებზე. ძალიან ბევრმა მათგანმა არაფერი იცის ჰიგიენური მოთხოვნების შესახებ.
პრობლემის მოგვარებას ხელს ისიც უშლის, რომ დაბალი ხარისხის, საეჭვო შემადგენლობის პროდუქტს თავისი, არც თუ ცოტა მომხმარებელი ჰყავს, რომელსაც ასევე არ აქვს ინფორმაცია ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.
რა უნდა გაკეთდეს?
უდავოა, რომ საჭიროა კონტროლის მასშტაბების გაზრდა. სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს გლეხური მეურნეობების და წვრილი მეწარმეების შემოწმება, რომელსაც ბაზარზე პროდუქტი გასაყიდად გამოაქვს.
საჭიროა კვალიფიციური ვეტერინარების მომზადება. რაც დრო გადის, ქვეყანაში მცირდება მათი რაოდენობა და სწავლის მხარდაჭერა, განსაკუთრებით რეგიონებში. მნიშვნელოვანია, ლაბორატორიული სექტორის განვითარება. აუცილებელია, გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარება.
პარალელურად, სახელმწიფომ მეტად უნდა შეეწყოს ხელი იმ მეწარმეებს, რომლებიც სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. რადგან, „საეჭვო წარმოშობის პროდუქცია კონკურენციას უწევს ხარისხიანს, რაც ხელს უშლის ქვეყანაში პასუხისმგებლობიანი სექტორის განვითარებას”,- გვეუბნება კობალაძე.
„ევროპაში ეწყობა ორგანიზებული ბაზრობები, სადაც ადგილობრივ გლეხურ მეურნეობებს სხვადასხვა პროდუქტი გამოაქვთ გასაყიდად. ყველა მეწარმეს გამოაქვს ბრენდირებული პროდუქტი. შესაბამისად, ის ცუდს, დაბინძურებულს და უხარისხოს არ გამოიტანს. ასეთი ორგანიზებული სახე უნდა მიეცეს ვაჭრობას ჩვენთანაც. ის ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იმართებოდეს და ადგილობრივი ხელისუფლება უნდა უწყობდეს ხელს. ხალხსაც ეცოდინება, რომ იქ კარგ პროდუქტი დახვდება და სხვაგან აღარ შეიძენს”, – აღნიშნავს რუსუდან გიგაშვილი.
რას ამბობს ევროკავშირი
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლაში ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაცია დაეხმარება, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი „ჯადოსნური ჯოხი არ არის” და უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მეწარმის და მყიდველის თვითშეგნება გაიზარდოს. მეწარმემ არ დაამზადოს უხარისხო პროდუქტი, ხოლო მომხმარებელმა დარღვევების აღმოჩენის და მაკონტროლებლებისთვის მიმართვიანობის კუთხით იაქტიუროს და ამასთანავე, არჩევანი ხარისხიან პროდუქტზე გააკეთოს.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ახლავს დაახლოების გეგმა, რომელიც გვიჩვენებს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ამ პროცესს თან ახლავს დიდი ფინანსური მხარდაჭერაც, ამიტომ კანდიდატის სტატუსის მიღება არსებული პრობლემის მოგვარების გზა იქნება”,– აღნიშნავს კობალაძე.
საინტერესოა, როგორია აღნიშნული საკითხისადმი ევროკავშირის მიდგომა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის მეურნეობის და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ „ევროკავშირი მიიჩნევს, რომ სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მთავარი პასუხისმგებლობა აკისრიათ სურსათის ბიზნესოპერატორებს, მათ შორის, ფერმერებს. ხოლო შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, კონტროლის მეშვეობით, ბიზნესოპერატორების მიერ სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესრულება უნდა უზრუნველყოს”.
ავტორი: ნონა ქვლივიძე