ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 10.25%(-0,25%) შემცირების გამო, სესხი 179 600-მდე მომხმარებელს გაუიაფდება.
ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179 600 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 11.427 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1-ელი მაისიდან 1-ელ ივლისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 1100-ით შემცირდა, თუმცა, მთლიანი პორტფელი – 11.185 მილიონიდან 11.427 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
179 600 ხელშეკრულებიდან 80 300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1.906 მილიონი ლარია. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ელი ივლისის მდგომარეობთ, 19.53% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1-ელი ივლისის მონაცემებით, 73100 სესხია მიბმული, საშუალოდ 13.73%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3548 მილიონი ლარია.
25600 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების მიმართულებით. მთლიანი პორტფელი 5939 მილიონი ლარია, საშუალოდ 14.46%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ელი ივლისის მონაცემებით, 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 22.7 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.05%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 200 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 10.2 მილიონი ლარია.
1-ელი ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.7%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე 19.53%-ია, რომელსაც მოჰყვება ავტოსესხი 18.05%-იანი განაკვეთით.
1-ელი ივლისის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა უცვლელია.