ანგარიში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა აქვეყნებს, ცხადყოფს, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების თითქმის ნახევარი ცხოვრობს კონფლიქტის ზონებში და ქვეყნებში, სადაც ომი მიმდინარეობს.
სულ მსოფლიოში სიღარიბეში მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან ნახევარზე მეტი ბავშვები არიან, ნათქვამია გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიშში, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა.
UNDP-ის და ოქსფორდის სიღარიბისა და ადამიანის განვითარების ინიციატივის (OPHI) ერთობლივმა კვლევამ დაადასტურა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი 3-ჯერ უფრო მაღალი იყო ომში მყოფ ქვეყნებში. აღნიშნული მაჩვენებელი მაიზარდა იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი კონფლიქტი და ომი მიმდინარეობდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგია 2010 წლიდან არ შეცვლილა. ორგანიზაციებმა გამოიკვლიეს 112 ქვეყნის მონაცემები, სადაც 6,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. კვლევისას შეფასდა მოსახლეობის საცხოვრებელი და სანიტარული პირობები, აგრეთვე, ელექტროენერგიის, საწვავის, კვების და სკოლაში დასწრების მაჩვენებლები.
კვლევამ აჩვენა, რომ 1.1 მილიარდი ადამიანი განიცდის სიღარიბეს, საიდანაც 455 მილიონი ცხოვრობს მიმდინარე კონფლიქტების არეალში. აქედან, 584 მილიონი ბავშვი განიცდის მწვავე სიღარიბეს, რაც მსოფლიო ბავშვთა საერთო რაოდენობის 27,9%-ს შეადგენს.
მსოფლიოს უღარიბესი ხალხის 83.2% კონცენტრირებულია აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. სიღარიბე გულისხმობს არასრულფასოვან კვებას და შიმშილს, რაც განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ბავშვებს. ინდოეთში ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, 1,4 მილიარდიანი მოსახლეობიდან 234 მილიონი.
ინდოეთის შემდეგ სიღარიბეში მცხოვრებთა რაოდენობით მეორეა პაკისტანი. შემდეგ მოდის ეთიოპია, ნიგერია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ერთად, ეს ხუთი ერი წარმოადგენს გლობალურად სიღარიბეში მცხოვრები 1,1 მილიარდი ადამიანის თითქმის ნახევარს.
გაეროს სურსათის სააგენტოების, FAO-ს და WFP-ის მონაცემებით, ამ მხრივ მძიმე ვითარებაა ღაზაში, სადაც მოსახლეობა განიცდის “ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კვების კრიზისს”.