ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ფასების სტაბილურობის მიღწევა სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის დროული გამკაცრების შედეგია.
მისი თქმით, ფასების სტაბილურობა სებ-ის მთავარი მანდატია და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძველს წარმოადგენს. სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ფასების ზრდის ტემპის შენელება 2023 წლის დასაწყისიდან დაიწყო და უკვე მარტიდან მოყოლებული ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. ხოლო ოქტომბრის ინფლაციამ 0.3% შეადგინა.
„ინფლაცია დიდწილადაა განპირობებული ადგილობრივი პროდუქტების დაბალი ინფლაციით და ასევე მომსახურების სექტორში ფასების ზრდის ნელი ტემპით. ეს თავის მხრივ, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დასტაბილურებაზე მიგვითითებს”,- აღნიშნა მიქაბაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში დაბალ ინფლაციასთან ერთად არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც “იდეალური დამთხვევაა”.
“9 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 9.8%-ია, ეს არის ერთობლივი შიდა მოთხოვნის ზრდის საფუძველზე დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც აჭარბებს ყველა მოლოდინს და ეკონომიკური აქტივობის სიძლიერიდან მომდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ეკონომიკის ჯამური პოტენციალი“, – აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.