„ჯორჯიან მანგანეზმა მანიპულაციის შხამიანი მანქანა დაქოქა და ჭიათურის გაფიცვის დაშლას და გაშავებას ცდილობს,“ – ასეთია გაფიცული მაღაროელების პასუხი ჯორჯიან მანგანეზის წინადადებაზე, მათთვის მაღაროების მართვაში გადაცემის შესახებ.
„კომპანიამ გუშინ გამოდო მატყუარა განცხადება, რომელშიც მაღაროელებს მაღაროს მართვაში გადაცემას სთავაზობს.
ამ შეთავაზებას შინაარსი არ გააჩნია და მისი მიზანი გაფიცულების დეზორიენტაცია და მათში განხეთქილების შეტანაა. გაფიცულებს გაფიცვის არცერთ ეტაპზე მაღაროს მართვაში მონაწილეობა არ მოუთხოვიათ.
კომპანიის ეს გაურკვეველი და მატყუარა ვითომ შეთავაზება ამავე დროს უკანონოა”, – ნათქვამია მაღაროელების განცხადებაში.
მათივე თქმით, ჭიათურაში წარმოებას ამჟამად მართავს სპეციალური მმართველი, რომელიც დანიშნულია კიდევ ორი წლის ვადით, სასამართლოს მიერ გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით. ამ სპეციალურ მმართველს არ აქვს უფლება საკუთარი თავი გაიუქმოს და მართვის სრული უფლებამოსილება მაღაროელებს გადასცეს.
ჭიათურელები ამბობენ, რომ ასეთ სატყუარას არ წამოეგებიან. მათი თქმით, გაფიცვა კრიტიკულ ეტაპზეა და ახლა ყველას მონაწილეობა კრიტიკულია.
ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, მათ მხარდასაჭერად აქციაზე გამოვიდნენ, რომელიც დღეს 7 საათზე პარლამენტის წინ იმართება.
დღეს მაღაროელების გაფიცვის მე-19 და შიმშილობის მე-11 დღეა.
პროტესტის ნიშნად, ერთმა მაღაროელმა თვალები, ერთმაც პირი ამოიკერა.
გაფიცულების ნაწილი პარლამენტის წინ აგრძელებს გაფიცვას. რამდენიმე მოშიმშილე დღეს ცუდად გახდა.
მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-ით გაზრდაა, რაზეც კომპანია უარს ამბობს და მხოლოდ 5%-ით მატებაზეა თანახმა.