აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ უკრაინას დახმარების საკითხს კენჭისყრაზე მას შემდეგ დააყენებენ, რაც აშშ-ის კონგრესი სააღდგომო არდადეგებიდან დაბრუნდება. ეს 9 აპრილს უნდა მოხდეს.
როგორი იქნება კანონპროექტი და ვინ დაუჭერს მას მხარს, კვლავაც გაურკვეველია. კიევის დახმარების საკითხზე რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის კვლავ უთანხმოებაა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
თებერვალში აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის $95 მილიარდის დახმარების პაკეტი მიიღო. ამ თანხიდან $60 მილიონი უკრაინისა და ისრაელზე უნდა განაწილებულიყო.
როგორც მედია წერს, აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწეები კულისებში ფარულად მუშაობენ, რათა მაიკ ჯონსონმა შეძლოს კენჭისყრაზე უკრაინის $60 მილიარდიანი დახმარების პაკეტის გატანა.
დახმარება სესხად
გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონი დეპუტატების დამატებითი ხმების მოსაპოვებლად რამდენიმე წინადადებაზე მუშაობს: თანხის უკრაინისთვის სესხად მიცემა, ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად და ბაიდენის ადმინისტრაციის მორატორიუმის გაუქმება თხევადი გაზის ახალ პროექტებზე. სხვა დეტალები ამ დროსთვის უცნობია.
ჯონსონი 9 აპრილის სხდომაზე სავარაუდოდ, წარადგენს კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით მიცემას გულისხმობს, რომელსაც მისივე თქმით, უკრაინა „დააბრუნებს, როცა შესაფერისი დრო იქნება”.
მის მიღებისთვის უმრავლესობის ორი მესამედის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი. დემოკრატებს სავარაუდოდ 200 ხმის მოგროვება დასჭირდებათ.
რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების გამოყენება
ჯონსონის მეორე წინადადება რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული რეზერვების უკრაინის დახმარებისთვის გამოყენებას შეეხება. მაგრამ ევროკავშირში, სადაც ამ ფულის უმეტესი ნაწილი ინახება, მის გამოყენებას სამართლებრივი სირთულეები უშლის ხელს.
გაზით ვაჭრობა
მაიკ ჯონსონი ასევე ცდილობს, უკრაინისთვის დახმარების სანაცვლოდ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნას შეზღუდვა, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის ახალი საექსპორტო პროექტების ნებართვებზე შემოიღო.
ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა ნებართვების გაცემა LNG-ის ექსპორტზე. ამით მან შეიზღუდა აშშ-ის მოკავშირეების მიერ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის რეკორდულ რაოდენობით შესყიდვები.