ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და STOP-მა, თამბაქოს ინდუსტრიის გლობალურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, გამოაქვეყნეს ანგარიში “მომავალი თაობის დაჭერა” რომელიც ფარდას ხდის, თუ როგორ ქმნის თამბაქოს და ნიკოტინის ინდუსტრია პროდუქტებს და მარკეტინგულ კამპანიებს და ცდილობს შექმნას ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო ამ პროდუქტებზე ახალგაზრდების მიჯაჭვულობის გაზრდისთვის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებში ელექტრო სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე ზრდასრულებში, რაც საგანგაშო ვითარებას ქმნის.
31 მაისს „მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღეს“, ჯანმო მოუწოდებენ მთავრობებს დაიცვან ახალგაზრდები თამბაქოს და ნიკოტინის ინდუსტრიისგან.
რა წერია ანგარიშში
ანგარიში აჩვენებს, რომ მსოფლიოში 13-15 წლის ასაკის დაახლოებით 37 მილიონი ბავშვი მოიხმარს თამბაქოს და ბევრ ქვეყანაში ელ-სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი მოზარდებში აღემატება იმავე მაჩვენებელს ზრდასრულებში.
ჯანმოს ევროპის რეგიონში, გამოკითხული 15 წლის ახალგაზრდების 20%-მა აღნიშნა, რომ იყენებდა ელექტრო სიგარეტს ბოლო 30 დღის განმავლობაში.
თამბაქოს მოხმარების შემცირებაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ელექტრო სიგარეტების და თამბაქოსა და ნიკოტინის სხვა ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოჩენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ახალგაზრდების ჯანმრთელობას და თამბაქოს კონტროლს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებას თითქმის სამჯერ ზრდის, განსაკუთრებით – არამწეველ ახალგაზრდებში.
”ისტორია მეორდება, რადგან თამბაქოს ინდუსტრია ხელახლა ცდილობს მიყიდოს ნიკოტინი ჩვენს შვილებს სხვადასხვა შეფუთვაში,” – ამბობს ტედროს ადანომ გებრეიესუსი, ჯანმოს გენერალური დირექტორი.
„ეს ინდუსტრიები აქტიურად იღებენ მიზანში სკოლებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს ახალი პროდუქტების მეშვეობით, რომლებიც ძირითადად ტკბილეულის გემოს მქონე სატყუარებია. როგორ შეიძლება ისინი ზიანის შემცირებაზე საუბრობდნენ, როდესაც ყიდიან ამ სახიფათო, ძლიერი დამოკიდებულების გამომწვევ პროდუქტებს ბავშვებზე?“
თამბაქოს ინდუსტრია განაგრძობს თავისი პროდუქციის გაყიდვას ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი ისეთი არომატებით, როგორიცაა ტკბილეული და ხილი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრო სიგარეტის ახალგაზრდა მომხმარებელთა 70%-ზე მეტი მას თავს დაანებებს, თუ პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ თამბაქოს არომატით.
”თამბაქოს ინდუსტრია განზრახ ქმნის პროდუქტებს და იყენებს მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომლებიც უშუალოდ ბავშვებს იღებენ მიზანში,” – ამბობს რუდიგერ კრეჩი, ჯანმოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის განყოფილების დირექტორი.
რას ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანმო მოუწოდებს მთავრობებს დაიცვან ახალგაზრდები თამბაქოს, ელექტრო სიგარეტის და ნიკოტინის სხვა პროდუქტების მოხმარების დაწყებისაგან, ამ პროდუქტების აკრძალვით ან მათი მკაცრად რეგულირებით.
ჯანმოს რეკომენდაციები მოიცავს 100%-ით უკვამლო დახურული საჯარო ადგილების შექმნას, არომატიზებული ელექტრო სიგარეტებისა და მათი მარკეტინგის, რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვას, გადასახადების ზრდას, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ინდუსტრიის მიერ გამოყენებული შეცდომაში შემყვანი ტაქტიკების შესახებ და ახალგაზრდების ლიდერობით განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინიციატივების მხარდაჭერას.
„თუ პოლიტიკის შემქმნელები არ იმოქმედებენ, ამჟამინდელი და მომავალი თაობები შეიძლება აღმოჩნდნენ ზიანის ახალი ტალღის წინაშე, რომელიც ხასიათდება თამბაქოსა და ნიკოტინის ბევრ პროდუქტზე მიჯაჭვულობით და მოხმარებით, მათ შორის სიგარეტზეც“,- ამბობს ხორხე ალდეი, STOP-ის დირექტორი Vital Strategies-ში.