ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლითაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები ეზრდება, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების და ფარმაცევტული კომპანიების შემოწმების ნაწილში. ამასთან, იცვლება სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის შეჩერების მექანიზმი და იცვლება ინსპექტირების პროცედურაც.
პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
კანონის თანახმად,
- ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი შეტყობინების გარეშე შეეძლება ნებისმიერ დროს შეამოწმოს და, თუ საჭიროდ მიიჩნევს, დახუროს კერძო თუ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება.
- უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება დაიწყება და გასაჩივრება ამ პროცესს ვერ გააჩერებს, თუ სასამართლო არ დაადგენს სხვაგვარად. ანალოგიური მექანიზმი იმოქმედებს ფარმაცევტულ სექტორშიც. ის შეეხება როგორც საბითუმო სექტორს, ისევე, დისტრიბუტორებს და ფარმაცევტულ საწარმოებს.
- მარეგულირებელ ორგანოს სამედიცინო დაწესებულების შემოწმების შესაძლებლობა წელიწადში ერთის ნაცვლად 3-ჯერ ექნება.
- ცვლილება ლიცენზირების შეჩერების პროცესსაც შეეხება. კერძოდ, რეგულირების სააგენტოს მიერ ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლომ ორივე მხარე უნდა მოიწვიოს. ანუ კლინიკას პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა.
- იზრდება სამედიცინო დაწესებულებებისთვის ჯარიმების მოცულობაც.
ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა როგორც ჰოსპიტალური და ფარმაცევტული სექტორი, ასევე საპარლამენტო ოპოზიცია.
კლინიკების ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ სამინისტროს სექტორის კონტროლის ყველა ბერკეტს ისედაც ფლობდა და ცვლილებების საჭიროება არ იყო. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემთხვევაში კორუფციის, მიკერძოებულობის რისკი გაიზრდება. .