საქსტატმა სოფლის მეურნეობის წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2022 წელს ქვეყანაში 157.4 ათასი ტონა ხორბლია მოყვანილი, რაც 15.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ქერის წარმოება 0.5%-ით გაიზარდა და 58.4 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის მოსავალი 35.8%-ით შემცირდა და 149.5 ათასი ტონა შეადგინა. 15.6%-ით იყო შემცირებული კარტოფილის მოსავალი. სულ გასულ წელს ქვეყანაში 198.2 ათასი ტონა კარტოფილია წარმოებული.
2022 წლის განმავლობაში საქართველოში წარმოებულია 127.9 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 14.2%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2022 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, სიმინდის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა ხორბლის, ქერის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.9 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.4 ტონა/ ჰა, სიმინდის – 2.1 ტონა/ჰა, კარტოფილის – 11.7 ტონა/ჰა, ბოსტნეულის – 11.0 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 12.7 ტონა/ჰა, კიტრის 13.2 ტონა/ჰა, ხახვის 7.8 ტონა/ჰა, ნივრის 3.7 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 32.2 ტონა ერთ ჰექტარზე.