მემარცვლე ფერმერების საპროტესტო აქცია, რომელიც დღეს 12:00 საათზე იყო დაგეგმილი, გადაიდო. ინფორმაცია მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ გუშინ საღამოს გაავრცელა.
აქციის გადადება გადაწყდა მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც დაღერღილი ხორბლისა და ქერის იმპორტის 1-ელ ნოემბრამდე აკრძალვას ითვალისწინებს. ასოციაციის ინფორმაციით, მათი მოთხოვნა სწორედ ამ კატეგორიის – არასასურსათო საფურაჟე ხორბლის ქვეყანაში იმპორტის შეჩერება იყო.
ასოციაციის ინფორმაციით, ფერმერებმა მთავრობისგან მიიღეს სიტყვიერი დაპირება, რომ სასურსათო ხორბლის ფასი 70 თეთრამდე გაიზრდება და გადაიხედება იაფი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემული საბანკო სესხების პრობლემა.
ძალაში რჩება ფერმერების კიდევ ერთ მოთხოვნა, რომელიც რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე საბაჟო გადასახადის გაზრდას გულისხმობს. ასოციაციის ხელმძღვანელის – ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, მათ მთავრობისგან სიტყვიერი დაპირება ამ საკითხზეც მიიღეს.
ასოციაცია აცხადებს, რომ დააკვირდებიან ბაზარზე არსებულ მოვლენებს, მარცვლეულის ფასის ცვლილებებს და შემდეგ მოქმედებებს ამის შესაბამისად დაგეგმავენ.