საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განმარტავს, თუ რატომ ვერ იბარებენ წისქვილკომბინატები დიდი რაოდენობით ქართულ ხორბალს.
ასოციაცია გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ ფერმერების ხორბლის დიდი ნაწილი არის დაბალი ხარისხის, ე.წ. საფურაჟე, ამიტომ წისქვილკომბინატები მას ვერ ჩაიბარებენ.
„ივნისის დასაწყისიდან საქართველოს წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 20 000 ტონა როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის ქართულ ხორბალი, რაც ისტორიულად წლების განმავლობაში ივნისის თვეში მიღებული ხორბლის რაოდენობის მრავალწლიან ნორმაზე მეტია.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოსავლის საკმაოდ დიდი პროცენტი, მათ შორის მარცვლეულის მწარმოებელთა წინასწარი ინფორმაციით, არსებული არასახარბიელო პირობებიდან გამომდინარე, არის საფურაჟე (ანუ არასასურსათო), შესაბამისად, წისქვილკომბინატები სამწუხაროდ, ამ ხორბალს ვერ ჩაიბარებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით, სამი ინდუსტრიის – პურის მწარმოებლების, წისქვილკომბინატების და მარცვლეულის მწარმოებლების კონსულტაციების შედეგად, პურის ფასის შენარჩუნების, ასევე ქართული ხორბლის ჩაბარების მიზნი, დადგინდა შემდეგი ლიმიტები:
1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის საორიენტაციო ფასი – 52 ლარის ფარგლებში, რასაც მიება წისქვილების მიერ ქართული ხორბლის შესყიდვის ფასი – 70 თეთრი 1 კილოგრამზე”, – წერია ასოციაციის განცხადებაში.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მიუთითებს, რომ ფერმერების უმეტესობა ცდილობს, უახლოეს პერიოდში ჩააბაროს ხორბალი, რაც წისქვილებზე მაქსიმალურ წნეხს ქმნის. გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ, წისქვილკომბინატები სრული სიმძლავრეებით ვერ მუშაობენ, რადგან წინა თვეებში ქვეყანაში დიდი რაოდენობის იმპორტირებული ფქვილია შემოტანილი, რაც ფქვილის რეალიზაციის პროცესზე და ასევე ფასზე უარყოფითად მოქმედებს.
„პირველ ეტაპზე, წისქვილკომბინატების მიერ 70 თეთრად მოხდა ძველი მოსავლის ქართული ხორბლის შესყიდვა, თუმცა, მას ჯერ კიდევ ვერ მიჰყვა კონსულტაციების შედეგად განსაზღვრული ფქვილის სარეალიზაციო ფასი – 52 ლარი (1 ტომარა ფქვილზე).
დღეს პურის ქარხნების მიერ ბაზარზე ფქვილის ფასი 47 ლარის ნიშნულზეა დაფიქსირებული, რამაც ავტომატურად გამოიწვია წისქვილკომბინატების მიერ შესასყიდი ხორბლის ფასის კორექტირება 65 თეთრის ფარგლებში (საბაზისო მე 3 კლასის ხორბალი). გამომდინარე იქიდან, რომ წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის შესასყიდ ფასს პირდაპირ განსაზღვრავს პურის მწარმოებლების მიერ პირველი ხარისხის ფქვილის შესასყიდი ფასი.
დღეს ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, როგორც წისქვილკომბინატების და ფერმერების, ასევე პურის მწარმოებლების მიერ დათქმული პარამეტრების შესრულება.
საქართველოს წისქვილკომბინატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენზე აღებული ვალდებულებების უპირობო შესრულებას, აგრეთვე, ბაზარზე გამოწვევების შესაბამისად, მზაობას ვაცხადებთ მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ დაინტერესებულ მხარესთან ნებისმიერი საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მეხორბლე ფერმერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ წისქვილები ხორბალს მცირე მოცულობით და იაფად იბარებენ. რეალიზაციის პრობლემის და იაფი რუსული ფქვილის იმპორტის გამო, მათ მოსავალი უფუჭდებათ. ფერმერებმა 14 ივლისს საპროტესტო აქცია დააანონსეს.
როგორც ცნობილია, 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში ფქვილის იმპორტზე მოქმედებს დროებითი, 5-თვიანი მოსაკრებელი, რომლის მიზანია ხორბლისა და ფქვილის აქამდე არსებული არათანაბარი საიმპორტო პირობების გათანაბრება. თუმცა, ფერმერების თქმით, მოსაკრებელი დაბალია და ამ მექანიზზმა ფქვილის იმპორტი ვერ შეამცირა.