ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა კაკლოვნებზე, კენკრასა და ატამზე. აღნიშნულ ტენდენციას Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს.
ეს პროდუქტები შერჩეულია საქართველოში ამ კულტურის წარმოების მაღალი ზრდის პოტენციალით და ევროკავშირის იმპორტის ზომის მიხედვით.
ევროკავშირში ექსპორტის თვალსაზრისით, ყველაზე დიდ ზრდას 2018-2022 წლებში მოცვი აჩვენებს. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 15,5%-ით მოიმატა.
ჟოლოს ექსპორტმა 10,7%-იანი ზრდა აჩვენა. ზრდის მიხედვით მესამე ადგილს მარწყვია 1,5%-ით. 2022 წელს $1,9 მილიონის ღირებულების მარწყვის ექსპორტი განხორციელდა.
ხოლო ვაშლის, ნუშის, ატმის და თხილის ექსპორტი შემცირებულია.
ხილის ექსპორტი
2022 წელს საქართველოდან ხილის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა და $204 მილიონი შეადგინა. კლება ძირითადად თხილის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, რომელიც საქართველოსთვის ძირითადი საექსპორტო პროდუქტია. ხილის ექსპორტში 50% სწორედ თხილს უკავია.
2018-21 წლებში ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.
ხილის წარმოება
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხილის წარმოებამ მოიმატა, მაგრამ მისი მოსავლიანობა მაინც ძალიან დაბალია და საგრძნობლად ჩამორჩება, როგორც ევროკავშირის, ასევე, რეგიონის სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს.
Galt&Taggart-ის შეფასებით, ხილის დაბალ მოსავლიანობას შინამეურნეობების მაღალი წილი განაპირობებს.