გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიამდე ან სტიქიის პროცესში მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყალი არ შეგუბებულა, არამედ ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდეზვავური მასა.
მისი თქმით, უცხოელი პარტნიორებიდან მიღებულ სატელიტურ მონაცემებში მკაფიოდ ჩანს, რომ იქ დიდი წყლის მასა და ტბა არ დაგუბებულა.
თანდილაშვილის თქმით, ამასვე ადასტურებენ სპეციალისტები, მდინარე ბუბისწყლისა და მდინარე ჭანჭახის შესართავთან წყლის დონეზე დაკვირვებით.
„პირველადი დასკვნის მომზადების პარალელურად ჩვენმა სპეციალისტებმა გააგრძელეს სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან, მივიღეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რომელიც აღწერს და ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების ფაქტი არ დასტურდება.
სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. ჩამოშლილი ნახევარი მილიონი კლდეზვავური მასა დაეჯახა 62 ჰა-ზე გაშლილ მყინვარულ მასას და ღვარცოფული ნაკადი, ჩამოიტანა კურორტ შოვში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოცემულ შეფასებებს, მომხდარი სტიქიის კომპლექსურობას და მისი პროგნოზირების შეუძლებლობას. ცნობილია, რომ კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის მრავალ ფაქტორთან დამოკიდებულების გამო მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია“ – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს ძლიერი ნალექების, სეტყვის, ძლიერი ქარების, გვალვის, წყალდიდობის, წყალმოვარდნების წინასწარ პროგნოზირების მიმართულებას. რაც შეეხება ხეობაში განვითარებულ გლაციოლოგიური და კლდეზვავური ხასიათის პროცესებს, არის კომპლექსური თავისი ხასიათით. კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის ზუსტი დროის და ადგილის დადგენა შეუძლებელია.