გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან თბილისში მიდიან. ისინი პარლამენტის წინ გამართავენ აქციას. მაღაროელები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს 16:00-ზე შეიკრიბონ.
გაფიცულების ნაწილი ისევ ჭიათურაში გააგრძელებს პროტესტს.
გაფიცულები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის შეთავაზებული ხელფასების 5%-ით გაზრდა მათი დაცინვაა და ამ უსამართლობას არ შეეგუებიან.
გაფიცულები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა – ხელფასების გაზრდა კომპანიამ არ გაითვალისწინა, ამიტომ ისინი პროტესტს გააგრძელებენ. მაღაროელები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, ამიტომ ისინი მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
„ძალიან კარგად იციან, რა რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა, მაგრამ დათმობაზე არ მიდიან. მედიატორები კი თავს გვაჩვენებენ, რომ გული შესტკივათ, სინამდვილეში კი კომპანიის ინტერესებს იცავენ”, – აცხადებენ გაფიცულები.
დღეს ჭიათურაში გაფიცვის მე-14 და შიმშილობის მე-8 დღეა.