ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფ დანერგვას შეიძლება მოჰყვეს ხელფასების კლება. მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ AI ჯერჯერობით ქმნის და არ ამცირებს სამუშაო ადგილებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა და მაღალკვალიფიციური ადამიანებისთვის.
კომპანიები დიდ ინვესტიციებს დებენ ხელოვნურ ინტელექტში, ამიტომ ეკონომისტებმა დაიწყეს შესწავლა, რა გავლენას მოახდენს ეს შრომის ბაზარზე. ევრობანკის კვლევაც საზოგადოებაში AI-თან დაკავშირებით გაჩენილმა შიშებმა განაპირობა.
ევრობანკის კვლევამ აჩვენა, რომ 16 ევროპულ ქვეყანაში დასაქმების წილი გაიზარდა იმ სექტორებში, სადაც ხელოვნური ინტელექტი დაინერგა. დასაქმების მაჩვენებელმა განსაკუთრებით მოიმატა მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე.
„დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის სამუშაო ადგილები, ძირითადად, უცვლელი დარჩა”, – აღნიშნულია ევრობანკის კვლევაში.
ორგანიზაციის მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ რეცესიის მიუხედავად, დამსაქმებლები ცდილობენ კვალიფიციური მუშაკების მოძიებას და მიზიდვას, რაც შრომის ბაზარზე ზეწოლას შეამსუბუქებს.
ევრობანკის დასკვნები განსხვავდება წინა „ტექნოლოგიური რევოლუციის” შესახებ გაკეთებული შეფასებისგან, როდესაც კომპიუტერიზაციამ შეამცირა „საშუალო კვალიფიკაციის მქონე მუშაკების დასაქმების წილი”.