ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭიათურელ მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზს შორის შეთანხმება შედგა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, მაღაროელები დათმობაზე წავიდნენ ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, რომელიც მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე პერიოდში მაღაროელების ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1-ელი ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება.
ამასთან, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც ყველა მხარის წარმომადგენელი შევა და ეს ორგანო იმუშავებს დასაქმებულთა შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე.
კომისიამ 3 თვის განმავლობაში უნდა დადოს კომპანიის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.
შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი გაფორმდა, რასაც დამსაქმებელმა, დასაქმებულმა და მედიატორმა მოაწერეს ხელი.
მაღაროელები საპროტესტო აქციის შეწყვეტას და 1-ელი ივლისიდან მუშაობის განახლებას აპირებენ. თბილისში მიმდინარე აქციაზე მაღაროელებმა განაცხადეს, რომ 19:00 საათზე დაანონსებული აქცია ვეღარ შედგება.