ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. პროტესტის მეორე მონაწილემ კი თვითდაზიანება მიიყენა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„როცა თავისი სიმართლე ვერავის ვერ დაანახა, ვერ გააგონა, ახლა თვალები ამოიკერა, რადგან ამ უსამართლობის ყურება არ უნდა”, –თქვა ერთ-ერთმა მაღაროელმა.
„ხანდახან რომ შევდივარ შიგნით და ცვლაში ბიჭებს დავტოვებ, ნახევარი საათი კანკალი მიტანს, იმიტომ, რომ არავინ იცის, ისინი გამოვლენ თუ არა იქიდან ცოცხლები. მე არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, ერთად დავინახავთ ყველანი, თითოეული ჩვენგანი. ჩემო მეგობრებო, არა ძალადობას”, – თქვა მაღაროელმა, რომელმაც თვალები ამოიკერა.
ჭიათურაში მე-14 დღეა მაღაროელები გაფიცულები არიან. 12 ივნისს რამდენიმე მათგანმა შიმშილობა დაიწყო, 16 ივნისს კი ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
გაფიცული მაღაროელების ძირითადი მოთხოვნაა ხელფასის მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ამჟამად ჭიათურაში ყველა მაღარო გაჩერებულია. კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულებს შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.
კომპანია დათმობას არ აპირებს და მაღაროელებისთვის ხელფასის მომატებას არ თანხმდება.